„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები და აქტივისტები „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ

„დღეს დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან თედორაძე, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები – მალხაზ თავდგირირძე, მერაბ ვარშალომიძე და ნიკა ნაგერვაძე, აქტივისტებთან და საკუთარ მედიასაშუალებებთან ერთად, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ.”

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ გაუგონარია ის საბაბი, რომელიც ოფისში შესაჭრელად, პროვოკატორებმა გამოიყენეს.

“მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც, უდიდესი ალბათობით, თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე, გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ, საბოლოოდ, ვერ შეძლეს. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ მიმართავდნენ მსგავს პრაქტიკას შარშანაც, როდესაც ჩვენი ოფისების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. დღეს კი უფრო შორს წავიდნენ და პროვოკაციის მოსაწყობად არა თუ ჩვენი შტაბის ეზოში, უშუალოდ შტაბში შევიდნენ. ვაზუსტებ, რომ საუბარია არა მხოლოდ ტელევიზიების წარმომადგენლებზე, არამედ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე და მათ აქტივზე. ეს არის გაუგონარი თავხედობა, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ უკონტროლო პროცესები გამოიწვიონ და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს. ამასთანავე, ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში, ქარელში – „მთავარი არხის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციის კვალდაკვალ, ამ შემთხვევაშიც ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, სადაც, არის მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეები, რომელსაც ზედა მხარეს საერთოდ არ აქვს მოაჯირი და საიდანაც, მათ მიერვე პროვოცირებული შესაძლო არეულობის დროს, ადვილად შეიძლება გადავარდნილიყო ადამიანი. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან აპოკალიპტური სურათი, თითქოს „ქართული ოცნების“ ოფისებიდან ხალხს მეორე სართულიდან „ყრიან“. აქვე, მსურს, ვისარგებლო შესაძლებლობით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი შტაბის წევრებს, რომლებმაც თავი შეიკავეს და არ აჰყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციას. მესმის რომ ეს არის ურთულესი მოსათმენი, მაგრამ ამას ხედავს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი ვალია, ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში. ჩვენი შტაბების ყველა წევრს მოვუწოდებთ, იყვნენ ფხიზლად და ნებისმიერი მცირე პროვოკაციაც კი, ისევე როგორც დღეს, დააფიქსირონ ვიდეო და ფოტოგადაღების მეშვეობით. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები იყო მიზანმიმართული და თავხედური პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ, კანონის ფარგლებში, აუცილებლად გავცემთ პასუხს. აქვე, მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს – ნუ ცდიან ხალხის მოთმინებას, რომელსაც მართლაც აქვს საზღვარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...