„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის დაპირებას თურქეთში დასაქმებულებთან დაკავშირებით სიცრუეს უწოდებს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თურქეთში დროებით დასაქმებული მოქალაქეების დიდ ნაწილს 300 ლარიანი სახლემწიფო დახმარება დღემდე არ მიუღია. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, გია აბულაძის თქმით, მთავრობის განცხადება იმის შესახებ, რომ თურქეთი საზღვრებს გახსნიდა და საქართველოს მოქალაქეებს სამუშაოდ წასვლა შეეძლებოდათ, სიცრუე აღმოჩნდა.

„ 1. თურქეთში წასასვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს 3 თვიანი მოწვევა/სამუშაო ვიზა, რომელიც დაზღვევასთან ერთად რამდენიმე ათასი ლირა ღირს და როცა ჩვენი მოქალაქეები მოკლევადიან სამუშაოებზე დადიან ძირითადად ისინი ვერ შეძლებენ რეალურად ვიზის ხარჯების დაფარვასაც.
2. მოწვევა უნდა ითარგმნოს, დამოწმდეს ნოტარიულად და აიტვირთოს საქართველოს მთავრობის სპეციალურ ელ. გვერდზე, რისთვისაც საკმაო დროა საჭირო, კერძოდ მოწვევის მიღების შემდეგ ნოტარიუსთან თარგმანის დასამოწმებლად რამდენიმედღიან რიგში უნდა იდგეს რის შემდეგაც, როცა ატვირთავს დოკუმენტებს ელექტრონულად მთავრობა პასუხს გასცემს მოქალაქეს ერთი კვირის განმავლობაში. ეს ბიუროკრატიული ბარიერები, რომელიც დროშია გაწელილი რა თქმა უნდა შეუძლებელს ხდის დასაქმებას, რადგან დამსაქმებელი 10-15 დღეს არ დაელოდება დასასაქმებელ პირს.
3. როცა დაბრუნდებიან საქართველოში ჩვენი მოქალაქეები უნდა გაიარონ ორკვირიანი კარანტინი, რაზეც ბიუჯეტიდან დაიხარჯება თითოეულ მოქალაქეზე დაახლოებით 1000 ლარამდე და თუ ამ თანხას ხელისუფლება გადასცემს მოქალაქეებს ისინი აღარ წავლენ სამუშაოდ თურქეთში, შესაბამისად რისკებიც შემცირდება“, – განაცხადა გია აბულაძემ ბრიფინგზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვენ, ხელისუფლებამ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისათვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადოს. ასევე, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინისათვის გასაწევი ხარჯები, 1000 ლარი გადაუხადონ იმ მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებული იყვნენ თურქეთში.
საპასუხო განცხადება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც პროცესს კოორდინაციას უწევს, ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად