ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები სასწავლო ცენტრ “კრწანისს” ესტუმრნენ

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილი ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლობა და ჯგუფის ლიდერი საქართველოში, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი ეწვია. კრწანისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ნატოს მაღალჩინოსნებმა და სამხედრო ატაშეებმა სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „დიდგორი 2015“-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და წვრთნების მიმდინარეობა შეაფასეს. ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ხელმძღვანელობამ სტუმრებს სხვადასხვა სასწავლო კლასი დაათვალიერებინა და სპეციალური პრეზენტაციები წარუდგინა.

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ იმყოფებოდა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუც. მისი განცხადებით, სწავლების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროგრესი ცხადად წარმოჩნდა.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გავცნობოდით ამ სწავლების სხვადასხვა კომპონენტებს. ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია. სწავლებას ძალიან კვალიფიციური ოფიცრები და ჯარისკაცები წარმართავენ, რაც კარგად აჩვენებს თქვენი შეიარაღებული ძალების პროგრესს და მათი შესაძლებლობების განვითარებას საკუთარი ქვეყნის დასაცავად. მეორე საკითხია კოორდინაცია ეროვნულ დონეზე, რაც ამ სწავლების დროს იხვეწება ეროვნული უშიშროების საბჭოსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოსთან და კრიზისების მართვის საბჭოსთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.

სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“ აქტიურ ფაზაშია გადასული. წვრთნებში სამთავრობო სტრუქტურები, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლობა და უშიშროების საბჭო მონაწილეობენ.

სწავლების მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად