“ნატოს-კენ მიმავალ გზაზე საქართველო სწორ ნაბიჯებს დგამს” – ექსკლუზიური ინტერვიუ ლატვიის თავდაცვის მინისტრთან

ლატვიის თავდაცვის მინისტრი, არტის პაბრისკი ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსია, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ლატვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპარლამენტის წევრი. ის ორჯერ იყო ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. არტის პაბრისკი საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარია და სხვადასხვა ტრიბუნიდან არაერთგზის გაუკეთებია საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.

“რიგის კონფერენცია 2019-ზე” არტის პაბრისკთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა “აიპრესის” სპეციალურმა კორესპოდენტმა ვახტანგ ნინიკაშვილმა.

მინდა ჩვენი ინტერვიუ დავიწყოთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემით – როგორია ნატო-ს დამოკიდებულება საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით.  თქვენც, ისევე როგორც საქართველო, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყავით იძულებით.  დღეს უკვე ნატო-ს წევრი ხართ. რამდენად რთულია თქვენთვის  სხვა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებს რუსეთისგან მომავალი რეალური საფრთხეები დაანახოთ? 

 ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ  ძირფესვიანად ვერ აცნობიერებენ თუ რაოდენ დიდ საფრთხეს უქმნის რუსული აგრესია და ინტერესი ჩვენს დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას.  სწორედ ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნა 2008 წლის კონფლიქტის დროს საქართველოში და ასევე, ყირიმის კონფლიქტის დროს, უკრაინაში. ამიტომ, საინტერესოა, რამდენად რთულია თქვენთვის  მათ აუხსნათ თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამ ვითარებაში.

ვფიქრობ, ისინი კარგად აცნობიერებენ ქართველების ფიქრებს და გულისწადილს. რადგან მართლაც არ არის ყოველთვის ადვილი აუხსნა იმ ხალხს რომელთაც არასოდეს შეხებიათ ეს საფრთხეები, თუ რას ფიქრობს რუსეთი, რა სახის  საფრთხეები არსებობს რუსეთის  მოსაზღვრე ქვეყნებში. ჩვენ ყველაფერი ეს გავიარეთ, ამიტომ, კარგად გვესმის საქართველოს საკითხი. საქართველოში ომამდე და, განსაკუთრებით უკრაინაში ომამდე 2014 წელს, ზოგიერთი დასავლური ქვეყანა ჩვენ, ბალტიის ქვეყნებს, „ამრევებს“, გვეძახდნენ, რადგან ჩვენ ყოველთვის წინა პლანზე ვწევდით თქვენს საკითხებს და მეტ რეაგირებას ვითხოვდით მათგან. ვფიქრობ ახლა ჩვენ უფრო მეტი ყურადღება მივიპყარით და ისინი დღეს უფრო მეტად გვისმენენ, რადგან იმ წინასწარმეტყველებების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, გამართლდა და მართლდება.

ამიტომ, მე ვფიქრობ, ქართველები სწორ ნაბიჯებს დგამენ და სწორი მიმართულებით მიდიან ძირითადად.  წარსული იყო ძალიან მძიმე და რთული. მაგრამ თქვენ უნდა განახორციელოთ ყველა დაგეგმილი რეფორმა, ისევე როგორც  ჩვენ გავაკეთეთ. საუკეთესოს მოლოდინი უნდა გქონდეთ, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ამ რეფორმების უდიდესი ნაწილი თქვენ გჭირდებათ ქვეყანაში, რათა გახდეთ უკეთესი და სრულყოფილი, დემოკრატიული და დოვლათით სავსე.

ასე რომ, თქვენ მოგიწევთ გაიართო გრძელი და რთული გზა, მაგრამ თქვენ მოქმედებთ სწორი მიმართულებით და დგამთ სწორ ნაბიჯებს. და ეს არის თქვენი შანსი, რომ დაგეხმაროთ როცა შევძლებთ.

ლატვია და პირადად თქვენ, ყოველთვის მზად იყავით მხარი დაგეჭირათ ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის უახლოეს მომავალში. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავხდეთ ამ ორგანიზაციის ნამდვილი და რეალური ნაწილი?

თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი და მოემზადოთ შესაბამისი მომენტისთვის. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს პროცესი ძალიან ჰგავს იმ გზას, რომელიც გავიარეთ ჩვენ. მე ვფიქრობ, თქვენ შეასრულეთ უზარმაზარი სამუშაო შეიარაღებული ძალების, პოლიტიკური სისტემის, სასამართლო სისტემის, საიმიგრაციო სისტემის, სავიზო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით. ასე, რომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელთა განსახორციელებლადაც თქვენ გაქვთ მზაობა. თუკი საქართველოს შევადარებთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებისთვის საჭირო პროცესს და გზას გადიან, მე ვიტყოდი, რომ თქვენ უკეთესები ხართ. მაგრამ თქვენი გეოგრაფიული მდებარეობა არცთუ სახარბიელოა.

რაც შეეხება გეოგრაფიულ მდებარეობასთან დაკავშირებულ პრობლემას. როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ ჩვენ რეგიონში ფეთქებადსაშიში ვითარებაა, მათ შორის თურქეთის ბოლოდროინდელი მოქმედებების გათვალისწინებით. როგორ ფიქრობთ, ჩვენი გაწევრიანება ხომ არ დაამშვიდებს ვითარებას  რეგიონში თუ, პირიქით, ახალ არასასურველ პროცესებს გამოიწვევს. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით?

 მე ვიტყოდი რომ საქართველოს ევროპის კავშირში და ნატო-ში ჰიპოტეტური და შესაძლო ინტეგრაცია განხილული  იქნება თქვენი დამსახურების საფუძველზე. თავისთავად ცხადია, რომ საქარველოს გარშემო არსებული ვითარება ერთმნიშვნელოვნად მოქმედებს ინტეგრაციის პერსპექტივებზე, რადგან აქტუალურია მთიან ყარაბახის პრობლემა, სომხეთ-აზერბიაჯანის კონფლიქტი, რუსეთის არმიის და რუსული ინტერესების არსებობა კავკასიის რეგიონში.

მე ვიტყოდი რომ არსებით როლს თამაშობს „გამთიშველი ფაქტორი“, რომელიც  კავკასიის ქვეყნების  ევროპული ინტეგრაციის პროცესს აფერხებს.  ბალტიის ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენ გვქონდა ერთიანი ფრონტი, ყველანი ერთად ვიდექით და ეს ფაქტორი არსებითად დაგვეხმარა ევროპულ ინტეგრაციაში.  ჩვენ შეიძლება გარკვეული უთანხმოებებიც გვქონოდა პოლიტიკაში, რადგან ეს ყოველთვის ხდება მეზობლებს შორის, მაგრამ როგორც აპლიკანტი ქვეყნები, ჩვენ ყოველთვის ერთიანები ვიყავით.  ხოლო თქვენი ქეისი არ მოქმედებს თქვენ სასარგებლოდ, რადგან თქვენ ხართ მარტო. თქვენ, კავკასიის სამი ქვეყანა ბალტიის ქვეყნებივით რომ ყოფილიყავით, მაშინ პროცესი გაცილებით იოლად წარიმართებოდა.

მინდა, ასევე, გკითხოთ იმ როლის შესახებ, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა შეასრულეს 2008 წლის კონფლიქტის დროს, რადგან არსებობს მოსაზორება, რომ დასავლეთის ქვეყნებს უფრო მკაცრი და უფრო პრაგმატული პოზიცია რომ დაეფიქსირებინათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო, 2013 წელს  უკრაინის კონფლიქტს ავირიდებდით. რას ფიქრობთ, შეგვეძლო თუ არა თავიდან აგვეცილებინა უკრაინის კონფლიქტი ჯერ კიდევ 2008 წელს, ევროპის კავშირს ან ნატო-ს რომ უფრო მკაცრი პოზიცია დაეფიქსირებინა?

გასაგებია… რა თქმა უნდა, დასავლური ქვეყნების დიდ ნაწილი არ იყო მზად, არც საქართველოში ომისთვის და არც უკრაინის ომისთვის. ეს არის ერთი საკითხი. ისინი არც მზად იყვნენ და არც ჩვენ გაფრთხილებებს ისმენდნენ. ჩვენ მათ ვაფრთხილებდით. მეორეს მხრივ, თქვენ ასევე უნდა გაიგოთ რომ დასავლეთის ქვეყნებს ფართო არჩევანი არც ჰქონიათ, რადგან ისინი არ იყვნენ მზად ამისთვის. როცა თქვენ არ ხართ მზად  და ამ დროს ხორციელდება შეტევა ქვეყანაზე, რომელიც არც ნატო-ს წევრია და არც ევროკავშირის, ცოტა რთულია ყველაფრის სწორად წარმართვა. ამიტომ, ეს არ არის იძულებით სოლიდარობა. არა. ეს არის საერთაშორისო პრობლემა, საერთშორისო საკითხი და ვითარება სხვანაირი იქნებოდა, თქვენ რომ წევრი სახელმწიფო ყოფილიყავით, რადგან წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ისინი არ ჩაბმულიყვნენ კონფლიქტში. დღეს იგივე მდგომარეობაა უკრაინასთან მიმართებით, როცა გიხდება გააკეთო არჩევანი თუ რა მოიმოქმედო.  მოცემულ მომენტში ნატო და ნატო-ს წევრი ქვეყნები არ არიან მზად ჩაერთონ ომში უკრაინის გამო. ეს აბსოლუტურად ნათელი და ცხადია.

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ნატო-ს წევრი ქვეყანა, მაგრამ რუსეთიდან მომავალი საფრთხე დღითი-დღე უფრო აქტუალურია, ბორდერიზაციის პროცესიც ცხადყოფს ამას. გვაინტერესებს თუ რა დახმარებას უნდა ველოდოთ ნატოსგან და დასავლელი პარტნიორებისგან იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ გადაწყვეტს განახორციელოს ინტერვენცია?

უპირველეს ყოვლისა, თქვენ ძალისხმევა უნდა მიმართოთ შიდა სტაბილურობის და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. თქვენ რაც შეიძლება მეტად უნდა ჩაერთოთ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ კავშირებში. რა თქმა უნდა, უნდა გააძლიეროთ თქვენი შეიარაღებული ძალები. ეს უნდა იყოს დიპლომატიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ასპექტების კომბინაცია, რაც საერთო ჯამში გაზრდის თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და დაცულობას. ეს არის ერთადერთი გზა.

საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს სამშვიდობო პროექტებში, მაგალითად, ერაყში 2007 წელს…

დიახ, საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს ამ საქმეში. ეს ძალიან პოზიტიური ფაქტორია, რადგან საერთაშორისო მისიებს აქვთ სულ მცირე ორმხრივი ბუნება. პირველ რიგში, თქვენ გადიხართ პრაქტიკულ ასპექტებს თქვენ მომავალ პარტნიორებთან ერთად, თქვენ სწავლობთ, თქვენ ზრდით თქვენ არმიის  ბრძოლისუნარიანობას და მეორეს მხრივ, თქვენ ხართ საერთაშორისო მისიის კონტრიბუტორი. ეს კი არის პოლიტიკური მიზანი. რადგან როცა გვსურს ვიღაც დაგვეხმაროს, მაშინ, ჩვენც უნდა შეგვეძლოს რომ სხვებს დავეხმაროთ. ასე, რომ ეს საერთაშორისო მისიები უმნიშვნელოვანესი პროექტებია და ის უნდა გაგრძელდეს. ეს იქნებოდა ჩემი გულითადი რჩევა.

ფიქრობთ, რომ ჩვენი ჩართულობა ამ მისიებში მნიშვნელოვანწილად დაგვეხმარება ნატო-ში გაწევრიანების პროცესში?

ეს ვერ იქნება გარანტია, მაგრამ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც არის პოზიტიური ასპექტი ინტეგრაციის გზაზე. ნატო-ს შეხვედრებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო შეაქვს  მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო მისიებში.

და ბოლოს. მინდა ყურადღება გავამახვილო ჰიბრიდულ ომზე. საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან, მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია პროპაგანდასთან, ასევე ფეიკ (ყალბ) ინფორმაციებთან, რომლებიც მოდის რუსული მედიიდან და არა მხოლოდ. მაინტერესებს, ლატვიაც აწყდება თუ არა მსგავს პრობლემებს და რა ნაბიჯებს დგამთ ფეიკ (ყალბი) ინფორმაციების და რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად?

ჩვენ აქტიურ მოქმედებებს ვახორციელებთ კიბერშეტევების გამოსავლენად, კომუნიკაციებზე შეტევების გამოსავლენად. გასულ წელს ჩვენ დავაფიქსირეთ 6000-მდე კიბერ შეტევა.  ვცდილობთ ვიყოთ მუდმივად კარგად მომზადებულნი. თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში სპეციალური ცენტრი გვაქვს კიბერშეტევებთან საბრძოლველად და კიბერუსაფრთხოების უზუნველსაყოფად. ჩვენ, ასევე, შევქმენით სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი, რომელიც ახდენს ფეიკ (ყალბი) ინფორმაციების გამოვლენას, აფიქსირებს სუსტ მხარეებს სოციალურ მედიაში, ააშკარავებს გავლენებს სოციალ მედიაზე.

ასე, რომ, ვფიქრობ, ეს არის  ის ასპექტები, რომელთაც თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება, კერძოდ კომუნიკაცია, ფეიკ (ყალბი) ინფორმაციები, გავლენები, პროპაგანდა, რადგან რუსეთს უმთავრესად არ აქვს თავისუფალი მედია, არამედ აქვს პროპაგანდის არხები და ამისთვის გასული წლის ბიუჯეტში გამოყვეს 1.3 მილიარდი რუბლი;

რაღა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გაამახვილოთ კიბერუსაფრთხოებაზე. ასე, რომ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები აქტიურად მოქმედებენ ამ მიმართულებით და ჩვენ შეგვიძლია შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება გავუწიოთ მათ. თუ თქვენ დაგჭირდებათ დახმარება, ყოველთვის მზად ვართ ამისთვის.

ანუ,  ჩვენი გაწევრიანება ნატო-ში  პოლიტიკური გადაწყვეტილებაა?

დიახ, როცა თქვენ მზად იქნებით. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ინტერვიუ ჩაიწერა და მოამზადა ვახტანგ ნინიკაშვილმა

 

 

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად