ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანი იანს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. იანს სტოლტენბერგს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე დახვდნენ.
 

„ვიზიტი არის მკაფიო დემონსტრირება საქართველოს მხარდაჭერისა ნატოს მხრიდან და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში. ასევე ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მკაფიო დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ალიანსის ქვეყნების და ნატოს დღის წესრიგში“ – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. 

ნატო-ს გენერალური მდივანი 26-27 აგვისტოს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში იანს სტოლტენბერგი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში 27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წრთვნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.

ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...