NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ შემდგომი დღეების და კვირების განმავლობაში

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ოსმან ასკინ ბაკის შეფასებით, არჩევნებზე ზოგადად დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა გათვალისწინებული იყო, თუმცა არ იყო უნაკლო.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ნატო-ს 30 წევრი ქვეყნის პარლამენტს, ნატო-სგან განცალკევებული ორგანოა. ჩემი კოლეგები და მეც, ძალიან მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო ამ მისიაში. ჩვენმა ათმა წევრმა მონაწილეობა მიიღო სადამკვირვებლო მისიაში თბილისსა და მცხეთაში.ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აკვირდებოდა ყველა საპარლამენტო არჩევნებს, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, პანდემიის მიუხედავად, დღეს აქ ვყოფილიყავით. დემოკრატია ჩვენი ალიანსის დამფუძნებელი პრინციპია და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და მისი წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიას.

საქართველომ ასევე ნათლად გამოხატა თავისი მისწრაფება ევროატლანტიკური მიმართულებით და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება არის მოთხოვნა, რათა ამ მიზნის მიმართულებით პროგრესი განხორციელდეს. ეს მართლაც იყო მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის, რადგან საქართველო უკვე გადადის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე.

გუშინ ჩვენ დავაკვირდით კონკურენტულ არჩევნებს, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო და პროცედურების უმეტესობა ნამდვილად გათვალისწინებული იყო, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უნაკლო. ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ იმ დამაშინებელ ატმოსფეროს, რომელიც შექმნილი იყო ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, აქტივისტების იქ ყოფნის გამო.

არჩევნები გაიმართა მოწესრიგებულ საარჩევნო ფარგლებში, რაც ბევრჯერ იყო განხილული ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით, თუმცა ბევრი საკითხი მაინც განსახორციელებელია, ამაში შედის როგორც მედიის პოლარიზება, ასევე არასაკმარისი საკითხების გათვალისწინება კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე, ამომრჩევლებზე ზეწოლა და გამმიჯნავი ხაზის არაარსებობა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ეს საკითხები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო გარემოს და ზეგავლენას ახდენდა საარჩევო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე“, – განაცხადა ოსმან ასკინ ბაკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად