NATO-ს ლიდერთა დეკლარაცია: რუსეთის აგრესიული ურთიერთობები ევროატლანტიკურ უშიშროებას საფრთხეს უქმნის

2019 წლის 3-4 დეკემბერს, ლონდონში NATO-ს ხელმძღვანელობის სხდომა გაიმართა, სადაც მათ მიირეს დეკლარაცია, რომლის სრულ ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ.

“დღეს შევიკრიბეთ ლონდონში, ქალაქში, სადაც ნატო შეიქმნა, იმისათვის, რომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი და წარმატებული ალიანსის 70-ე წლისთავი გვეზეიმა და რკინის ფარდის დაცემის 30-ე წლისთავი აღგვენიშნა. ნატო უზრუნველყოფს ჩვენი ტერიტორიისა და ერთი მილიარდი ჩვენი მოქალაქის უშიშროებას, თავისუფლებასა და ჩვენ მიერ გაზიარებულ ფასეულობებს, რომელთა შორისაა დემოკრატია, პიროვნული თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. სოლიდარობა, ერთიანობა და ერთსულოვნება ჩვენი ალიანსის ფუნდამენტური პრინციპებია.

ვინაიდან ერთობლივი ძალისხმევით ვცდილობთ არ დავუშვათ კონფლიქტები და შევინარჩუნოთ მშვიდობა, ნატო კვლავაც რჩება ჩვენი კოლექტიური თავდაცვის საფუძვლად და უშიშრობის საკითხებზე მოკავშირეებს შორის კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების მიღების ძირითად ფორუმად. ვადასტურებთ მყარ ტრანსატლანტიკურ კავშირებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის და გაერთიანებული ერების ორგანისაციის ქარტიის მიზნებისა და პრინციპების ერთგულებას, მტკიცე განზრახვას დავიცვათ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც ერთ მოკავშირეზე თავდასხმა განიხილება როგორც ყველა ჩვენგანზე თავდასხმა.

მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გავიზიაროთ ჩვენი განუყოფელი უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯები და პასუხისმგებლობა. თავდაცვითი ხარჯების ვალდებულების ფარგლებში დადგენილი 2-პროცენტიანი და 20-პროცენტიანი წვლილის შესაბამისად ვზრდით თავდაცვის ხარჯებს, ინვესტიციები იდება ახალ შესაძლებლობებში. მისიებსა და ოპერაციებში გაზრდილი ძალები მონაწილეობენ. აშშ-ის თავდაცვის ხარჯებზე დანამატები ზედიზედ ხუთი წელია იზრდება.

თავდაცვის ხარჯებზე 130 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია გამოყოფილი. ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-3 მუხლით აღებული ვალდებულებების შესაბამისად თავდასხმის ნებისმიერი ფორმისაგან თავის დასაცავად კვლავაც ვაძლიერებთ როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე საერთო პოტენციალს. ამ მხრივ დიდი წინსვლაა მიღწეული. ვალდებული ვართ მეტი გავაკეთოთ და ამ ვალდებულებას აუცილებლად შევასრულებთ.

როგორც ალიანსი ყველა სტრატეგიული მიმართულებიდან მომდინარე მკაფიოდ გამოხატული საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ. რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკურ უშიშროებას საფრთხეს უქმნის. ტერორიზმი მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით ყოველი ჩვენგანისათვის მუდმივ საფრთხედ რჩება. სახელმწიფო და არასახელმწიფო მოთამაშეები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს საფრთხეს უქმნიან. ჩვენს საზღვრებს გარეთ არსებული არასტაბილურობა მოუწესრიგებელ მიგრაციასაც უწყობს ხელს. გვაქვს კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეები.

ნატო თავდაცვითი ალიანსია და საფრხეს არცერთ ქვეყანას არ უქმნის. უშიშროებისადმი ჩვენი 360-გრადუსიანი მიდგომის შესაბამისად ჩვენს სამხედრო პოტენციალს, სტრატეგიასა და გეგმებს ალიანსის ყველა წევრს ვუთანხმებთ. მიღებული გვაქვს გადაწყვეტილებები იმ მიზნით, რომ ჩვენი ძალების მზადყოფნა ავამაღლოთ, რათა მათ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი მიმართულებიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირება შეძლონ. მტკიცედ ვიცავთ ჩვენს ვალდებულებას შევებრძოლოთ ტერორიზმს და მის დასამარცხებლად უფრო გადამჭრელ ზომებს მივმართავთ. ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და სათანადო პასუხი გავცეთ რუსეთის მიერ საშუალო სიშორის ახალი რაკეტების განლაგებას, რასაც საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულების გაუქმება და ევროატლანტიკური უშიშროებისათვის მნიშვნელოვანი საფრთხეების შექმნა მოჰყვა.

ვაძლიერებთ ძალისხმევას ზღვაზე და ჰაერში ჩვენი თავისუფლებების დასაცავად. ასევე ვაძლიერებთ შეკავებისა და თავდაცვით პოტენციალს, რისთვისაც ერთდროულად ვიყენებთ სათანადო ბირთვულ, ჩვეულებრივ და სარაკეტო თავდაცვით საშუალებებს, რომელთა გაუმჯობესებასაც ვაგრძელებთ. სანამ ბირთვული იარაღი არსებობს, ნატო ბირთვული ალიანსად დარჩება. უშიშროების შესაბამისი პირობების გათვალისწინებით სრულად ვემხრობით შეიარაღების კონტროლის, განიარაღებისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის არსებული პირობების შენარჩუნებასა და გაძლიერებას.

მოკავშირე ქვეყნები სრულად უჭერენ მხარს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას მის ყველა ასპექტში, რომელთა შორისაა ბირთვული განიარაღება, გაუვრცელებლობა და ბირთვული ენერგიის სამშვიდობო მიზნებით გამოყენება. კვლავაც მზადა ვართ დიალოგისათვის და რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებისათვის, როცა რუსეთის ქმედებების შედეგად ამისათვის აუცილებელი პირობები შეიქმნება.

ჩვენი მიზანია ყველა ქვეყნის უშიშროების განმტკიცება. ვაძლიერებთ პარტნიორულ ურთიერთობებს სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ, ვაღრმავებთ პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პოლიტიკურ დიალოგს, მათ მხარდაჭერასა და მათთან ერთობლივ მუშაობას. კვლავაც ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას შევინარჩუნოთ გრძელვადიანი უშიშროება და სტაბილურობა ავღანეთში. ვაძლიერებთ თანამშრომლობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან.

აღსანიშნავია ასევე უპრეცედენტო წინსვლა ნატო-ევროკავშირის ურთიერთობებში. კვლავაც ვემხრობით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რაც აძლიერებს ალიანსს და მილიონობით ევროპელის უშიშროებას უზრუნველყოფს. დღეს აქ ჩრდილოეთი მაკედონიაა წარმოდგენილი. ცოტა ხანში ეს ქვეყანა ჩვენი ყველაზე ახალი წევრი გახდება. კვლავაც უზრუნველვყოფთ ყველა ჩვენი ოპერაციისა და მისიის წარმატებით შესრულებას. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ნატო-ში მსახურობდა და პატივს მივაგებთ მათ, ვინც ჩვენს უშიშროებას თავი შესწირა.

უსაფრთხოდ რომ ვიყოთ, მომავალს თვალი ერთად უნდა გავუსწოროთ. ყველაფერს ვაკეთებთ ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, რათა ტექნოლოგიების დარგში უპირატესობა შევინარჩუნოთ და ამასთან, ჩვენი ფასეულობები და ნორმები დავიცვათ და ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა გავაძლიეროთ.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად