ნატო და აშშ რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

ნატომ და აშშ-მა შეშფოთება გამოხატეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის ზრდაზე და რუსეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდეს.

„მე განმაცვიფრა იმ ფაქტმა, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირის შეხვედრაზე აბსოლუტურად ყველა მოკავშირემ, 30-ვე ჩვენგანმა გამოხატა ეს შეშფოთება“, – თქვა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„ჩვენ ვამჯობინებდით, პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან. ამისთვის კი საჭიროა კავშირების მოქმედი არხები. ეს საშუალებას მოგვცემს გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები, ავხსნათ ჩვენი პოზიციები, არ დავეთანხმოთ რუსეთის მოქმედებებს. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ სიტუაციების არასწორი შეფასებები“, – განაცხადა ბლინკენმა.

მან აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გამართა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან და შესთავაზა სამიტის მოწყობა.

„აშშ-ის ადმინისტრაცია მზადაა დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავდაცვის უზრუნველყოფა“, განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.

მისი თქმით, ამერიკა უკრაინას მიაწვდის არალეტალურ დახმარებას, მაგრამ ასევე გარკვეული სახეობების შეიარაღებას.

ოსტინმა რუსეთს მოუწოდა, „ნუ არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“.

თავის მხრივ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები „პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას“ უწევენ უკრაინას.

„მე მოვუწოდებ მოკავშირეებს, უფრო მეტი გააკეთონ ამ მიმართულებით“, – თქვა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...