ნათელაშვილი ოქრუაშვილზე: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისათვის

“საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი მშვიდობიან, უიარაღო აქციაში მონაწილეობისათვის და ეს გახლავთ ირაკლი ოქრუაშვილი”.

ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა  ე.წ. მატროსოვის ციხესთან გამართულ აქცია-ბრიფინგზე განაცხადა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის, ასევე სხვა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.

„მოგეხსენებათ, დიქტატურის უკანასკნელი საფეხური ეს გახლავთ მასობრივი პოლიტიკური რეპრესიები. საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით. უფრო მეტიც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი მშვიდობიან, უიარაღო აქციაში მონაწილეობისათვის და ეს გახლავთ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ალბათ, გვისმენს ფანჯრიდან. მინდა, მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ცოტა დრო დაგრჩენია, ხალხის ძალიან დიდი რისხვა გელოდება, ესენი ყველა გაათავისუფლე იმისთვის, რომ ერთი-ორი წელი მოგაკლდეს სასამართლო განაჩენში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ შეუჩერონ უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ დელეგაციის, რომლებიც იქ მილიონებს ხარჯავენ და პუტინის საქმეს აკეთებენ, სანამ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტიკური პატიმარი.

შეგახსენებთ: გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. საუბარია 20-21 ივნისის მოვლენებზე. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად