ნათია თურნავა: “ვიზეარი” არსად არ გადის, ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოში

გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრული ავიაკომპანია “ვიზეარი” ქუთაისის აეროპორტში ბაზას აუქმებს. თუმცა, ამ ინფორმაციას უარყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

„მინდა, ყველა დავამშვიდო ამ საკითხთან დაკავშირებით. „ვიზეარი“ არსად არ გადის, „ვიზეარი“ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოში. 2012 წელს შემოვიდა ჩვენთან და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ გაფართოებულიყო „ვიზეარის“ არეალი. კოვიდამდე 30-მდე ფრენას ასრულებდა და დაანონსებული ჰქონდა კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება. კომპანიასთან ახლახან მქონდა საუბარი და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს ამას საჯაროდ. „ვიზეარი“ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული, ჩვენი მოქალქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით, ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და გვიბრუნდებოდა ისევ საქართველოში.

ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა. ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკომპანია ცდილობს, რომ შეამციროს დანახარჯები და აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავების გადაჯგუფებას. ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიტყვაზე „ვიზეარს“ თვითმფრინავი ეყოლება დაყენებული მაინც და მაინც ქუთაისის აეროპორტში თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადართავს მას. მთავარია, რომ „ვიზეარი“ არსად არ გადის, ელოდება ჩვენს შეტყობინებას, მისი განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ მყისიერად გააგრძელებს ფრენებს. ამას თვითონ „ვიზეარიც“ უახლოეს საათებში დაადასტურებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად