ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტოლერანტობის მინისტრთან, ასევე ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვდება ისეთი მსხვილი ჰოლდინგების აღმასრულებელ დირექტორებს, როგორებიცაა: „აბუ დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority).

შეხვედრებზე განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. ამასთან, აღასანიშნავია, რომ ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ერთობლივი ბიზნეს და საინვესტიციო ფორუმებისა და სემინარების ჩატარების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ასევე დაათვალიერებს და გაეცნობა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai -ზე წარდგენილ საქართველოს პავილიონის მოსამზადებელ სამუშაოებს.

მინისტრთან ერთად ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტირების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.

კომენტარები
იტვირთება...