ნათია თურნავა: კომპანია “ფრონტერამ” შეწყვიტოს არაფრის მომცემი საჯარო კამპანია

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამერიკული ინვესტიცია და ინვესტორი, ვინც ჩვენს ბაზარზე ოპერირებს ან მომავალში ველით რომ შემოვიდეს“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალიან დადებითი იყო ის დინამიკა რომელიც გამოაქვეყნა ჩვენმა სტატისტიკის დეპარტამენტმა, რომ პირველ კვარტალში გაიზარდა 34%-ით აშშ-იდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს არის კარგი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, მაგრამ, მინდა რომ გავაძლიეროთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა.

რაც შეეხება კომპანია “ფრონტერას“, რომელიც ამერიკული ინვესტიციაა, ასევე ფასეულია ჩვენთვის. აქამდეც ძალიან ცივილიზებულად ვიქცეოდით და როდესაც გაჩნდა გარკვეული პრობლემები და კითხვები ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი მივანდეთ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო არბიტრაჟს.

საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიხედვით, პოზიტიური პასუხი მივიღეთ ქართული მხარის დასმულ ყველა საკითხზე და ამას ადასტურებს ისიც, რომ უკვე 99% თავისი  სალიცენზიო არეალში დააბრუნა სახელმწიფო საკუთრებაში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ პოზიტიური საგნობრივი დიალოგისთვის, რომელიც შეეხება იმას, რომ კომპანია  „ფრონტერას“ მიეცემა შესაძლებლობა გააგრძელოს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე იმ დარჩენილი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, რაც მას დღეს გააჩნია.

მზად ვართ ვისაუბროთ ვადებზე, პირობებზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ იქ 90-მდე ადამიანია დასაქმებული. რა თქმა უნდა, მათი ბედი გვაღელვებს. მაგრამ, ამისთვის საჭიროა კომპანია „ფრონტერამ“ შეწყვიტოს არაფრის მომცემი საჯარო კამპანია და მიუსხდეს მოლაპარაკებათა მაგიდას, რასაც ჯერჯერობით თავს არიდებენ.

მინდა მოვუწოდო კომპანია „ფრონტერას“, მოვუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე, რა თქმა უნდა საქართველოსა და საერთაშორისო  კანონმდებლობის ფარგლებში. ჩვენ მზად ვართ პოზიტიური დიალოგისთვის“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად