ნათია თურნავა: გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა ენერგეტიკული რეფორმა დადებითად შეაფასეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ჰუბერტ ქნირშსა და დიეგო კოლასს შეხვდა და მათთან საქართველოში ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობა განიხილა. შეხვედრაში მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი.

„ენერგეტიკული რეფორმა, რომელიც ბოლო 2 წელია ხორციელდება, ევროკავშირის მუდმივი ყურადღების ცენტრშია. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ენერგეტიკული რეფორმის მაღალი ტემპის გამო ევროკავშირის მხრიდან დადებით შეფასებას ვიმსახურებთ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა რეფორმის ცალკეული ეტაპები, მათ შორის, ახალი კანონმდებლობა, ქსელური საქმიანობისა და მიწოდების სერვისის განცალკევება სხვადასხვა კომპანიებში, რაც მეტი გარანტიაა მომხმარებლისთვის, რომ შეუფერხებლად და სამართლიანი თამაშის წესების დაცვით მიიღებს ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს.
მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის ლიბერალიზაცია და დერეგულაცია. „ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიები გადიან თავისუფალ ბაზარზე, სადაც თავისუფალი ფასწარმოქმნით ენერგეტიკულ ბირჟაზე შეიძენენ ელექტროენერგიას, ხოლო მოსახლეობა და მცირე ბიზნესი კვლავაც რეგულირებადი სფერო რჩება და ეს იქნება ჩვენი ძირითადი ზრუნვის საგანი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
„ძალიან კმაყოფილები ვართ მიღწეული პროგრესითა და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით. ჩვენ ვხედავთ, რომ რეფორმირების პროცესი წინ მიიწევს ყველა მიმართულებით, მათ შორის რეგულაციების, ლიბერალიზაციის, ბაზრის განვითარების კუთხით,“ – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებას.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მინისტრთან. ვისაუბრეთ ენერგო სექტორში რეფორმების განხორციელების შესახებ. საქართველო კოვიდ-ის შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით მიემართება ევროკავშირისკენ და ევროკავშირის სისტემებთან ჰარმონიზაციისკენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პირობებში ევროკავშირის კომისიის მხარდაჭერა ენერგოსექტორში რეფორმების გასაგრძელებლად და ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს, რომელიც თავადაც ასე მონდომებულია და მცდელობას არ აკლებს რეფორმების გატარებას,“ – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

კომენტარები
იტვირთება...