ნათია თურნავა: აქცენტს ხარისხიან ტურისტებზე ვაკეთებთ, ვინც მხარჯველუნარიანი და უსაფრთხოა

არ გვაქვს არავის ილუზია და არც ტურისტულ სექტორს, რომ პირველი თებერვლიდან, ფრენების გახსნის შემდეგ სრულყოფილად აღდგება ტურისტული ცხოვრება და ტურისტული სეზონი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრი ვარაუდობს, რომ გვიან გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი ტურისტული სეზონის გააქტიურება.

კითხვაზე, – ვხსნით ფრენებს, ჩამოდის ტურისტი, ტაქსით უნდა იმგზავროს აჭარამდე, გადაიხადოს საკმაოდ დიდი თანხა იმისთვის, რომ ან ისაუზმოს, ან ისადილოს, ან ივახშმოს. მაშინ, როდესაც სამთო კურორტებზე წასასვლელად უფრო ჩამოდიოდნენ ამას ვთავაზობთ ტურისტებს? – რაზეც ნათია თურნავა ამბობს:

“მე მგონი უფრო მტკივნეულია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მგზავრობენ ტაქსებით და გაუძვირდათ მათ მგზავრობა. ამაზე უფრო უნდა ვიმსჯელოთ, ვიდრე ჩამოსულ ტურისტზე, რომელსაც მერწმუნეთ მას გათვლილი ექნება თავის ბიუჯეტში.

ჩვენ გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე, მათზე, ვინც მხარჯველუნარიანია და უსაფრთხო.

არ გვაქვს არავის ილუზია და არც ტურისტულ სექტორს, რომ პირველი თებერვლიდან, ფრენების გახსნის შემდეგ სრულყოფილად აღდგება ტურისტული ცხოვრება და ტურისტული სეზონი. ვფიქრობ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან და ვაქცინაციის ტემპებიდან გამომდინარე, უფრო გვიან გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი ვისარგებლოთ ამითი.

პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები სრულიად დაშვებულია, ახლა მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი. ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც აქვს ვაქცინაცია სრულყოფილად გავლილი და ეს არის მთელი ციკლი, ორი ინექცია გაკეთებული, შესაბამისი ცნობით, შეუფერხებლად შემოვა საქართველოში, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დღეებში გავახმოვანებთ.

სწორედ ამ ქვეყნებზე ვაკეთებთ გათვლას. ეს არის ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ეს არის ევროკავშირი, სადაც ტემპს იკრებს ვაქცინაცია და რეგიონიც. ტუროპერატორებთან ერთად გავივლით, თუ რა პრობლემა შეიძლება იყოს – ტრანსპორტირების საკითხიც შეიძლება ორგანიზებულად მოგვარდეს, თუ ისინი აჭარაში წავლენ, თუმცა, შეიძლება ისინი თბილისშიც გაჩერდნენ, რადგან სასტუმროები თბლისში არ დაკეტილა, სასტუმროებში არსებული რესტორნები რეგულაციების დაცვით მუშაობს. თუმცა, ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ, პირველ რიგში, აჭარამ, როგორც მწვანე რეგიონმა, უმასპინძლოს მათ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად