ნათია თურნავა: ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ბიუჯეტში 130 მლნ Stopcov-ის ფონდის თანხაა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი შემოწირულობა

„ანტიკრიზისული გეგმის მესამე, ახალი ეტაპის მთლიანი საბიუჯეტო პაკეტი 400 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც 130 მლნ ლარი Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხებია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ 400 მლნ ლარში, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება ამ პროგრამის დასაფინანსებლად, 130 მლნ ლარი არის Stopcov ფონდში აკუმულირებული თანხები და პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი შემოწირულობის სახით – 100 მლნ ლარის ოდენობის შენატანი, ასევე სხვადასხვა ქართული ბიზნესის მიერ გაღებული შენატანები. ეს თანხები რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის 17 წლის ჩათვლით ბავშვების 200-ლარიან დახმარებაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის სხვა კომპონენტებზე. მისი ინფორმაციით, 17 წლის ჩათვლით ბავშვთა გარდა,  დახმარებები კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით წარიმართება, მათ შორის სტუდენტების და სოციალურად დაუცველი პირებისთვის. „საბიუჯეტო პაკეტი იმისთვის იქნება გამოყენებული, რომ დავეხმაროთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფს – ესენი არიან ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი, სტუდენტები, მათი განათლება, მათი მომავალი და 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე ადამიანები, ვისაც  კოვიდის ფონზე კიდევ უფრო მეტად გაუჭირდათ. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შერჩეული ეს პროგრამები. ასევე მნიშვნელოვანია ის დახმარება, რასაც ჩვენ გავწევთ 33 000-ზე მეტი სტუდენტისთვის, რათა მათ შეძლონ განათლების შეუფერხებლად  მიღება“, – აღნიშნა მან.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილზე. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ზამთრის პერიოდში, 4 თვის განმავლობაში მოხდება გადასახადების სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, ვინც 200 კუბურ მეტრს გაზზე და 200 კილოვატ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარს.

„ეს ეხება აბონენტთა 2/3-ზე მეტს, ეს არის ოჯახების უდიდესი ნაწილი, ვინც მოიხმარს ელექტროენერგიას და ბუნებრივ გაზს. სწორედ ამ მიმართულებით მივიღეთ კვლავ გადაწყვეტილება, რომ ზამთრის პერიოდში, როდესაც მაღალია ელექტროენერგიის და განსაკუთრებით ბუნებრივი აირის მოხმარება, იმ ოჯახებს, ვინც 200 კუბურ მეტრს გაზზე და 200 კილოვატ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარს, და ასეთია ოჯახების უდიდესი უმრავლესობა, ოთხი თვით დავუსუბსიდირებთ კომუნალურ გადასახადებს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად