ნათია თურნავა: ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტა ლოგიკური იყო

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნა სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეწყდა არსებული ხელშეკრულება.

ეს გადაწყვეტილება პრინციპში აბსოლუტურად ლოგიკურია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ 2017 წლიდან უპრეცედენტო დახმარებას ვუცხადებთ იურიდიულს, ფინანსურს, ორგანიზაციულს, პოლიტიკურს ამ პროექტს და პროექტში ჩართულ ინვესტორს.

პროექტი არაერთხელ გადავადდა და რეალურად იმ პირობების თანახმად, რა პირობებითაც მოხდა თავის დროზე ამ პროექტის ტენდერზე გამოტანა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა, ჩვენ 2020 წელს უკვე ოპერირებადი, მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა, ადამიანები დასაქმებული, ტვირთები ასე ვთქვათ უნდა ყოფილიყო გადამუშავებული და ძალიან ბევრი სიკეთე, რაც მოყვება ამ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან პროექტს.

სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და არ მოხდა იმის გამო, რომ ეს არის სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ისე ვამბობ, რომ ვერ დამისახელებთ სხვა პროექტს, რომელსაც სახელმწიფომ, მთავრობამ გამოუცხადა ასეთი მაღალი მხარდაჭერა, დაწესებული იურიდიული გარანტიებით და ეს ერთადერთი პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია მოხსენიებული, დამთავრებული ფინანსური, ორგანიზაციული და სხვა სახის მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება არის სწორი.

ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია არის ჩვენი პრიორიტეტული და სტრატეგიული პროექტი და ჩვენ აუცილებლობას ვხედავთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ უკვე ამ ინვესტორის გარეშე, რადგან რესურსს ვერ ვხედავთ ამ ინვესტორთან ამ პროექტის გაგრძელების. მეტი შანსი და მეტი გადავადება და მეტი დაყოვნება არის შეუძლებელი ამ პროექტისა და ავნებს სახელმწიფო ინტერესებს“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად