ნათია მეზვრიზვილი: წინსმწრებმა მოქმედებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოგვეხდინა

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ არსებული ეპიდსიტუაცია, მივიღოთ ინფიცირებულების კლების სტაბილური ტენდენცია და ეფექტიანად ვმართოთ ის პიკი, რომელიც არის მოსალოდნელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და თავის დროზე, რა გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი.

„მოქმედება ჯერ კიდევ დავიწყეთ პირველი შემთხვევების დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე, როდესაც მთავრობამ ჩინეთიდან ფრენები შეაჩერა. შემდგომ უკვე დაუყოვნებლივ შევქმენით უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს დღემდე. ზედმიწევნით ვასრულებდით ეპიდემიოლოგების და სპეციალისტების რეკომენდაციებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ყველა შემთხვევაში ვმოქმედებდით თანმიმდევრულად და წინმსწრებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წინსმწრებმა მოქმედებებმა, მათ შორის პარლამენტის აქტიურობამ ამ მიმართულებით და პრეზიდენტის მხარდაჭერამ ხელი შეუწყო იმას, რომ ვირუსის გავრცელების პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოგვეხდინა. როდესაც რეალურად ამოვწურეთ შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციებით სიტუაციის კონტროლის შესაძლებლობა, რადგან მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რეკომენდაციებს ნებაყოფლობით არ ასრულებდა, მხოლოდ ამის შემდეგ მივმართეთ პრეზიდენტს, გამოგვეყენებინა შედარებით უფრო მეტად შემზღუდავი ზომები. ამას დაემატა ძირითადი მოტივაცია, რომ შიდა გავრცელების ეტაპი დაიწყო.

რეკომენდაციების ნებაყოფლობით შეუსრულებლობიდან და შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა, რომ გარკვეული კონსტიტუციური უფლებები შეგვეზღუდა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. სახლში დარჩენა აუცილებელი იყო სოცუალური დისტანციის დაცვისთვის, მობილობის შემცირებისთვის და როდესაც მოქალაქეების ამას ნებაყოფლობით არ ასრულებდნენ, ბუნებრივია აუცილებელი გახდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდა შეზღუდვებს და ამ თემაზე არაერთი სპეკულაციის მიუხედავად, შეიზღუდა მხოლოდ ის უფლებები, რომელიც მოქალაქეთა მობილობის შემცირებას შეუწყობდა ხელს.

” მთავრობის დადგენილებით დაწესებული ყველა შეზღუდვა ასეთია. შეიზღუდა მხოლოდ ისეთი უფლებები, რომლებიც სოციალური დისტანციის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფდა. სწორედ ამიტომ მოხვდა დადგენილებაში, მაგალითად, არაერთი ეკონომიკური საქმიანობა, სადაც სოციალური დისტანცის დაცვა პრობლემატურია ხოლმე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად