ნათია კუპრაშვილი: საზმაუს მენეჯმენტთან ერთად ბორდიც თანამონაწილეა იმაზე, რაც ჩვენს ფილმშია ასახული

თუ ბორდმა ასეთი დადგენილება მიიღო, გამოდის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან ერთად ბორდიც თანამონაწილე და პასუხისმგებელია იმაზე რაც ჩვენს ფილმშია ასახული, – ასე პასუხობს საზმაუს სამეურვეო საბჭოს დადგენილებას ჟურნალისტიკის რესუსრსცენტრის წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი.

აღნიშნულ თემაზე “აიპრესი” ნათია კუპრაშვილს დაუკავშირდა, რომელსაც მივმართეთ კითხვით – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიიღო დადგენილება, სადაც ნათქვამია, რომ რეკლამის თემაზე მომზადებული თქვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ფილმში ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი. რა პასუხი გაქვთ? – რაზეც ნათია კუპრაშვილი პასუხობს:

“მე არ გავცნობივარ დადგენილებას, თუმცა ვიცი რომ დრეს უნდა ყოფილიყო სხდომა. თუ მათ ასეთი დადგენილება მიიღეს, მაშინ გამოდის, რომ უკვე ბორდის პასუხისმგებლობაც არის ეს. ფილმში ნათლად ჩანს, რა ტიპის გადაცდომასაც აქვს ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებელში.

ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს პასუხი. დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია ნახოს. გამოქვეყნებულია ფილმიც და ძალიან სამწუხაროა, რომ სამეურვეო საბჭოც არის თანამონაწილე იმ პროცესის, რომელიც ასახულია ამ ფილმში. ვიმეორებ, მე არ მინახავს ბორდის გადაწყვეტილება ეს ეს იმ შემთხვევაში იქნება თუ ასეთი პასუხი გასცა. მაშინ მისი პასუხისმგებლობაც გამოჩნდა და ჩვენ თანმიმდევრულად გავაშუქებთ, მათ შორის ბორდის მოქმედებებს”, – გვითხრა ნათია კუპრაშვილმა.

ამ თემაზე დადგენილება ბორდმა დღეს მიიღო, რომელშიც წერია: სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2019 წლის 23 აგვისტოს მოთხოვნის საფუძველზე, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს საბჭოს სხდომაზე განიხილა „ჟურნალისტური რესურსცენტრის“ მიერ მომზადებული ფილმი, – „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და დაადგინა შემდეგი: სამეურვეო საბჭოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიაჩნია, რომ ფილმში მოყვანილი ფაქტებით არ დასტურდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცდომა სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით და ასევე, ადგილი აქვს სხვა დოკუმენტების არასწორ და მცდარ ინტერპრეტაციას. სამეურვეო საბჭო ეთანხმება მაუწყებლის მენეჯმენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება სიმართლის დასადგენად“, – ნათქვამია სამეურვეო საბჭოს დადგენილებაში.

ფილმი „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მოამზადა „ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა“ (წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი). „ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა“ (JRC) 19 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ „შემოქმედებით გუნდსა და მაუწყებელთა გაერთიანებული თვითრეგულირების ორგანოს ჩართულობით წარმოებული განხილვის შედეგად, JRC მკაფიოდ ადგენს, რომ ფილმში არც ერთი მითითებული დეტალი არ არის დასარედაქტირებელი და შესაცვლელი“.

რაც შეეხება საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის პოზიციას, აღნიშნულ ფილმს საქართველოს პირველი არხი აფასებს, როგორც არხის წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის მორიგ ეპიზოდს, რასაც დაჟინებით ეწევა ადამიანთა ერთი ჯგუფი და, რის შესახებაც უკვე არაერთხელ გაკეთდა საჯარო განცხადება საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან.

ამასთან, ფილმში არსებული უზუსტობების გამო, საქართველოს პირველმა არხმა მიმართა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, აგრეთვე, ევროკავშირს, რადგან აღნიშნული ფილმი ევროკავშირის დაფინანსებით არის მომზადებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...