ნათია კუპრაშვილი: რ2-დან კონკრეტული ჟურნალისტების გაშვება სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ნიშნავს

“რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2”-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძისა და კიდევ რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტის გაშვება მოულოდნელი არ ყოფილა და ეს იკითხებოდა არხის მფლობელის ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებულ გუშინდელ განცხადებაშიც.

როგორც კუპრაშვილმა “აიპრესს” უთხრა, ხალვაში ცვლის პოზიციებს და ასე მოხდა ამჯერადაც. კუპრაშვილი ამბობს, რომ ეს სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ნიშნავს.

“რუსთავი 2″-ის მენეჯმენტისგან ეს ნაბიჯი სრულიად მოსალოდნელი იყო. მით უფრო ქიბარ ხალვაშის ბოლო განცხადების შემდეგ, სადაც პრინციპში ღიად საუბრობდა, რომ აპირებდა სარედაქციო კუთხით ცვლილების განხორციელებას. ეს  დაანონსებულივით გამოვიდა გუშინდელი განცხადების შემდეგ. ამას მოჰყვა კონკრეტული პირების გათავისუფლების საკითხი. ჩვენთვის ეს იყო სრულად მოსალოდნელი. ძალიან ლოგიკურია ეს ყველაფერი. ეს ნიშნავს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და მათი თავდაპირველი განცხადებები, რომ არ აპირებდნენ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ეს დამოკიდებულება ახლა უკვე შეიცვალა.

ჩვენ გვახსოვს მათი შეცვლილი განცხადებები. მაგალითად, გვახსოვს, რომ ქიბარ ხალვაში ამბობდა, რომ საკუთრების 50%-ს +1-ს გადასცემდა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. ცვლის ეს ადამიანი პოზიციებს, შეცვალა ამ შემთხვევაშიც და ცხადია სარედაქციო პოლიტიკა ცვლის ამ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ნოდარ მელაძის გარდა არხიდან გაათავისუფლა ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ეკა კვესიტაძე. თუმცა, ლაფერაშვილს თავად ჰქონდა ნათქვამი რომ არხი დატოვა და მან ეს განცხადება 1 აგვისტოს გააკეთა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...