ნათია გოცაძე: ტურისტული კომპანიის აფიორის გამო 36 ადამიანი აეროპორტში დავრჩით

ტურისტულმა კომპანია "ტუო თრაველმა" PR აკადემიის  36 კაციანი ჯგუფისთვის, რომლებიც ვარშავის მიმართულებით მიფრინავდნენ ყალბი ბილეთები გაყიდა, რის გამოც ჯგუფმა ქუთაისიდან პოლონეთში გაფრენა ვერ მოახერხა. 

"აიპრესთან" ჯგუფის ხელმძღვანელი, "PR აკადემიის" დირექტორი ნათია გოცაძე აცხადებს, რომ "ვარშავის მენჯმენტის უნივერსიტეტის მაგისტრანტების 36 კაციანი ჯგუფისთვის ჯავშანი გააკეთა ტურისტულმა კომპანია "ტუო თრაველმა", რომელიც პოლონეთის საელჩოში მიიტანეს. 

ჩვენ გვქონდა ელექტრონული კოდი, რომლითაც "ტუო თრაველზე" კომპანია იყო დარეგისტრირებული. როდესაც ჩავედით ქუთაისში, აღმოჩნდა რომ არ ვართ სიაში. რა თქმა უნდა, ტექნიკური ხარვეზი გვეგონა. გაირკვა, რომ  ბილეთები არ იყო შეძენილი, ეს იყო ჯავშანის კოდი, რომელიც გაუქმებული იყო, რადგან არ მოხდა ბილეთების შეძენა. 

აღმოჩნდა, რომ PR აკადემიის მიერ "ტუო თრაველისთვის" ჩარიცხული თანხა, ტურისტული სააგენტოს მიერ არ ჩაირიცხა ავიაკომპანიაში. ბილეთები მარტის თვეში ვიყიდეთ, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 7 000 ევრომდე იყო"- განაცხადა გოცაძემ.

PR აკადემიის დირექტორმა "აიპრესთან" საუბრისას აღნიშნა: "ჯგუფის წევრებმა ერთად გაიზიარეს ის, რომ კრიმინალის მსხვერპლი აღმოვჩდით, რაზეც ერთად უნდა მოგვეხდინა რეაგირება. მსგავსი თანადგომა, გულისხმიერება და სიტუაციის გაგება არ მახსოვს. დავინახე, როგორ ცდილობდნენ ჩემს გვერდით მდგომი ადამიანები სიმშვიდის შენარჩუნებას, როგორი გაგებით მოეკიდნენ შექმნილ მდგომარეობას და ხელის გაშვერის ნაცვლად, როგორი გულით ცდილობნენ გადაწყვეტილების მიღებას საკუთარი თავის კი არა, ჩვენი ერთობლივი საქმის სასარგებლოდ.
დღეს, ამ ადამიანებმა ბრწყინვალედ ჩააბარეს ურთულესი ქეისი გუნდურობისა და კრიზის მართვის.

პოლონეთის საელჩოში უნდა განვაცხადოთ, რომ მომხდარი ფაქტის გამო ვერ მოხერხდა ჯგუფის გაყვანა, რის გამოც სექტემბერში გავიყვანთ".

"აიპრესმა"  ტურისტულ კომპანია "ტუო თრაველთან" სცადა დაკავშირება, თუმცა ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ყველა ნომერი გამორთულია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...