ნათელაშვილი: მერაბიშვილს შეუძლია დიქტატორი ივანიშვილის მხილებაში ისტორიული როლი შეასრულოს

მერაბიშვილი იყო ივანიშვილის და წინა ხელისუფლებას შორის მეკავშირე და შეუძლია დიქტატორის მხილებაში ისტორიული როლი შეასრულოს, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ყველა ძალა, ყველა ფიგურა ძალიან საჭიროა დღეს ამ რეჟიმის შესაცვლელად, ოღონდ თავის ადგილზე და თავის ფორმატში. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე მერაბიშვილს არ ვურჩევდი ძალიან აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებას გარკვეული წარსული სიმძიმეების გამო.

მე მას ვურჩევდი, რომ ის საიდუმლო, რაც მან იცის, თქვას. ვანო იყო მეკავშირე წინა ხელისუფლებასა და ივანიშვილს შორის. ეს ყველაფერი ვანოს თავშია თავმოყრილი და შესანიშნავი მეხსიერება აქვს. მას შეუძლია შეასრულოს ისტორიული როლი ამ საშინელი დიქტატორის მხილებაში, იმის 10%-იც რომ თქვას, რა საიდუმლოც იცის. გადარიცხვები, მილიონები, “შავი ფულის გარეცხვა”, ივანიშვილის ფარული საბანკო ანგარიშები ობშორულ და არაობშორულ ზონებში. აქვე ხელისუფლებას ვეუბნები, ვანომ მოიხადა სასჯელი და თქვენ მოსახდელი გაქვთ. თქვენ ვანოს გზაზე დგახართ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად