ნარკოტიკებისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შემოტანაზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-მ და შემოსავლების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, წითელი ხიდისა და სადახლოს დასაცავ მონაკვეთზე, საბაჟო პროცედურების გავლის დროს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს სომხეთიდან საქართველოში 1,2 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 30 ცალი საბრძოლო ვაზნა კანონსაწინააღმდეგოდ საკუთარი ავტომობილით შემოჰქონდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ავტომობილის დათვალიერებისას 30 ცალი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 271,08 გრამ კანაფის ფისს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

 

 
 
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...