ნარჩემაშვილი “თბილისი პრაიდზე”: არ გამოვიდეს, რომ სახელმწიფომ დაიცვა ერთი და დააზარალა მეორე

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ლეგიონის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ამ შემთხვევაში პოლიციის და შსს-ს გადაწყვეტილება ძალიან ადეკვატურია. რა არის მისი მთავარი ვალდებულება – იფიქროს პრესტიჟსა და ავტორიტეტზე თუ ქვეყნის სტაბილურობაზე იფიქროს, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამაში ტოლობის ნიშაბის დასმა არ შეიძლება. ვიმეორებ, შეიძლება ამით ჩრდილი მიადგა პოლიციის პრესტიჟსა და ავტორიტეტს, მაგრამ მათ მიიღეს ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება. ზუსტად გათვლა რა დონის წინააღმდეგობა იქნებოდა საზოგადოებრივი უკიდურესად რთულია და ამის ნიშნები იყო ძალიან დიდი.

ბევრი განცხადება ჩემთვის სასაცილო იყო, რაც ვერის ბაღში გაკეთდა, თუმცა დელეგიტიმაციის თვალსაზრისით, სახელმწიფო ორგანოების თვალსაზრისით ეს იყო ძალიან დამაზიანებელი განცხადებები. აღძრულია სს საქმე, აქედან რა გამოვა, სიმართლე გითხრათ მე არ ვიცი. რამდენად მოხერხდება მტკიცებულებების შეგროვება და კიდეც რომ მოგროვდეს რამდენად იქნება ამის პოლიტიკური მიზანშეწონილობა. პანკისის ამბავი გავიხსენოთ, 300 ადამიანი ისროდა ქვებს – ქალები და ბავშვები, რომელიმე არის დაკავებული?! დანაშაულის ნიშნები არის, სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლები, რომელიც მოიცავს. სწორედ ამ სენსიტივებზე ვლაპარაკობ. არ გამოვიდეს ისე, რომ სახელმწიფომ დაიცვა ერთის ინტერესები და დააზარალა მეორის – აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, “თბილისის პრაიდის” საპროტესტო “კაცების აქციაზე” განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებში პატრულირების მიზნით ლეგიონს ქმნიდა. ასევე,  LGBT თემის “ყურის აწევის საზოგადოების” დაფუძნების იდეით გამოვიდა.

მოგვიანებით შსს-მ  გაავრცელა განაცხადება, რომ  უკანონო ფორმირებების შექმნის მოწოდებისთვის ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს

შეგახსენებთ, დღეს “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თაბაგარმა “აიპრესთან” განაცხადა: უსაფრთხოების გამო, შსს-მ გვითხრა “თბილისი პრაიდი” არ ჩაატაროთო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...