ნამიბიაში ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა კაცმა, რომელსაც სახელი ადოლფ ჰიტლერის საპატივცემულოდ დაარქვეს

ამის შესახებ ცნობას მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები აქვეყნებენ

„ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, ადოლფ ჰიტლერ უუნონამ ნამიბიის ადგილობრივ არჩევნებში ხმების 85% მოაგროვა ომპუნჯას საარჩევნო ოლქში და სახელმწიფო მრჩეველი გახდა.

გერმანული „ბილდ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ადოლფ ჰიტლერ უუნონა იუმორით აღნიშნავს, რომ „არ ისწრაფვის მსოფლიო ბატონობისკენ” და „არ აპირებს ოშანას (ოშანა ერთ-ერთია ნამიბიის 14 რეგიონიდან – „აიპრესი”) დაპყრობას.”

უუნონა ამბობს, რომ სახელი მას მამამ დიქტატორის საპატივცემულოდ დაარქვა, მაგრამ „ალბათ, არ ესმოდა რას ქადაგებდა ჰიტლერი.”

ბავშვობაში მე ეს სახელი ნორმალურად მიმაჩნდა. როცა წამოვიზარდე მაშინ გავიგე, რომ მას მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურდა, – ამბობს უუნონა. მისი თქმით, ცოლი მას ადოლფს ეძახის, ოფიციალურად ის ამ სახელს ატარებს და არ გეგმავს სახელის შესცვლას.

კანდიდატთა ოფიციალურ სიაში სახელი ჰიტლერი ინიციალით იყო აღნიშნული, თუმცა შედეგების ამსახველ სიაში უუნონას სახელი სრულად არის მოხსენებული. არჩევნებში „სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის ხალხთა ორგანიზაციის” (SWAPO) სახელით მონაწილე უუნონამ 1196 ხმა მიიღო, მისმა მოწინააღმდეგე მუმბალა აბნერმა („დამოუკიდებელი პატრიოტები ცვლილებებისთვის”) კი 213. უუნონას დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლები მის სახელზე მსჯელობენ და „ადოლ ჰიტლერი” ტვიტერში ხუთშაბათს ყველაზე მთავარ ტენდენციად იქცა., – წერს „ვაშინგტონ პოსტი”

ნამიბია 1884-1915 წლებში გერმანიის კოლონია იყო. ბევრი დასახლებული პუნქტი და ქუჩა ნამიბიაში დღემდე ატარებს გერმანულ სახელს. აქ არის აგრეთვე მცირერიცხოვანი გერმანული სათვისტომო. გერმანიის იმპერიამ 1904-1908 წლებში ნამიბიაში 80000 კაცი მოკლა აჯანყებული ნამას, სანის და ჰერეროს ტომიდან. ისტორიკოსების ერთი ნაწილი გერმანიის იმპერიის მიერ ჩადენილ ამ დანაშაულს „მივიწყებულ გენოციდს” უწოდებს. აგვისტოში ნამიბიის ხელისუფლებამ უარყო გერმანიის წინადადება მიყენებული ზიანის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს გადახდის შესახებ და განაცხადა, რომ გააგრძელებს მოლაპარაკებას

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად