ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

ნამახვანის ჰესების კასკადის ახალი პროექტით კასკადის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი აღარ დაიტბორება, ხოლო ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე 17 მეგავატით შემცირდება. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, გარემოს დამცველები და ენერგეტიკოსების ნაწილი “ხუდონის” პროექტის შეცვლასაც ითხოვენ, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში პროექტის გადაკეთებას კატეგორიულად გამორიცხავენ. ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთხელ გამოცხადდა. პროექტის ინიციატორებს იმედი აქვს, რომ კასკადის მშენებლობა აღარ გადაიდება და 2016 წლის პირველ ნახევარში ინვესტორთან ხელშეკრულება გაფორმდება.

ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ გარემოს დამცველები. ისინი აცხადებდნენ, რომ კასკადის მშენებლობით 14 სოფელი დაზარალდებოდა, დაახლოებით, 800 ადამიანს განსახლება ემუქრებოდა. ასევე, დაიტბორებოდა 924 ჰექტარი მიწა (10 კვ/კმ), აქედან, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო მიწებია, რომლებიც აქტიურად მუშავდება, 270 ჰექტარი კი ტყეებია.

ნამახვანი შეიცვალა

სს “ნამახვანის” დირექტორი გიორგი ჩაჩიბაია “ბიზნეს-რეზონანსთან” აცხადებს, რომ ახალი სქემით, მხოლოდ 115 ოჯახის განსახლება იგეგმება, აქედან კი ადგილზე 70-80 ადამიანი ცხოვრობს, ვინაიდან სოფლები დაცლილია. იტბორება 628 ათასი ჰექტარი ტერიტორია, საიდანაც 80 ჰექტარამდეა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ამასთანავე, დატბორვას გადაურჩება სატყეო ფონდის ტერიტორია.

ახალი სქემით, პროექტიდან ერთი ჰესი (ჟონეთი) ამოვარდა და ამჯერად ორი ელექტროსადგურის – ტვიშისა და ნამახვანის მშენებლობაა გათვალისწინებული. მათი ჯამური სიმძლავრე 433 მგვტ-ია. ძველი პროექტით, იგეგმებოდა სამი ელექტროსადგურის მშენებლობა ჯამური დადგმული სიმძლავრით 450 მგვტ. ტვიშის ჰიდროელექტროსადგური – დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური – დადგმული სიმძლავრე 250 მგვტ, ჟონეთის ჰიდროელექტროსადგური – დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ. ამჯერად, ნამახვანის ელექტროსადგურის სიმძლავრე 83 მგვტ-ით იზრდება და საბოლოო ჯამში, ჯამური სიმძლავრე მხოლოდ 17 მგვტ-ით მცირდება. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 730 მილიონი დოლარია. ენერგეტიკოსების ნაწილი და გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ გაცილებით მარტივია “ხუდონჰესის” პროექტის შეცვლა ისე, რომ დასახლებული ტერიტორიები საერთოდ არ დაიტბოროს. მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი კი კვლავ პირველ ჩვენებას მიჰყვება. მან “ბიზნეს-რეზონანსს” განუცხადა, რომ ხუდონის პროექტის გადაკეთება არ იგეგმება. ნამახვანჰესის შემთხვევაში კი ახალმა პროექტმა საკმაო ცვლილება განიცადა.

პროექტის განხორციელებისთვის, შერჩეულია “BOO” ტიპის მოდელი, რომელიც ითვალისწინებს, “შენება-ფლობა-ოპერირებას”. ინეტერსთა გამოხატვა 7 აპრილამდე გრძელდება. პროექტის საბაზისო დიზაინი მოამზადა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ – “სტუდიო პიეტრანჯელიმ”. ამჟამად, მიმდინარეობს სანებართვო პროცედურები და 2016 წლის დასაწყისში დაგეგმილია სამშენებლო ნებართვის აღება. კასკადის ექსპლოატაციაში მიღება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის უმცირესი ტარიფი.

“ამ პროექტმა საშუალება მოგვცა, მნიშვნელოვანი ტერიტორიების დატბორვა თავიდან აგვეცილებინა, მაგალითად, სატყეო ფონდის ტერიტორია. წინა კვირას ინტერესთა შერჩევაზე ღია პროცესი გამოცხადდა. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა წარმოადგინონ წინადადებები. სახელმწიფო შეარჩევს გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს გაივლის. ეს არის – ინვესტორის ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილება, ამასთანავე მთავარი კრიტერიუმია სახელმწიფოსთვის ელექტროენერგიის შესყიდვის დაბალი ფასის შეთავაზება”, – ამბობს სს “ნამახვანის” დირექტორი გიორგი ჩაჩიბაია.

რამდენიმე თვის წინათ ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თუკი ინვესტორი არ გამოჩნდებოდა, არ იყო გამორიცხული, “ნამახვანის” პროექტში ინვესტიცია სახელმწიფოსაც ჩაედო. ჩაჩიბაია ამტკიცეს, პოტენციური ინვესტორები არიან და მათ ენერგეტიკის სამინისტროში შეხვედრაც ჰქონდათ. “იანვრის დასაწყისში გვექნება მშენებლობის პირობითი ნებართვა. პროექტი დასრულებულია ყველა კომპონენტით, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სრული სურათი ექნება ინვესტორს. ამჟამად სახელმწიფოს მიერ ინვესტიციის განხორციელებაზე საუბარი არ არის, ვინაიდან წინასწარი ინტერესი არის ძალიან დიდი”, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

ის, რომ “ნამახვანთან” დაკავშირებით ინვესტორების დიდი ინტერესია, ენერგეტიკის სამინისტროსგან წინა წლებშიც გვსმენია. გარდა ამისა, პროექტის ეკონომიკური კვლევა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიში რამდენიმე წლის წინ ერთხელ უკვე მომზადდა. ფაქტი კი ერთია, ამ დროისთვის ეს დიდი ენერგეტიკული პროექტი ისევ ჰაერშია გამოკიდებული. ჩაჩიბაია დარწმუნებულია, რომ ამჯერად პროექტის განხორციელებას ხელს ვეღარაფერი შეუშლის, ვინაიდან იგი უკვე სრულყოფილი სახით წარედგინება ინვესტორს. ენერგეტიკოს ანზორ ჭითანავას კი პროექტის სრულყოფილებაში ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ სულ ტყუილად გაუქმდა მესამე კომპონენტი. გარემოზე უარყოფიით ზემოქმედება ისევ დიდია, ხოლო დამატებითი სიმძლავრეები დაიკარგა.

თავდაპირველად “ნამახვანჰესი” იყო ერთსაფეხურიანი დიდი პროექტი, თუმცა იმის გამო, რომ ტვიშის ვენახები იტბორებოდა, ხელისუფლებამ ეს პროექტი დაიწუნა და მისი დანაწევრება მოხდა. შემდეგ, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მოტივით, პროექტი ისევ შეიცვალა და მას მესამე საფეხური ჩამოეჭრა. “მთავარი მოტივი არის გარემოზე ზემოქმედების შემცირება. ეს არის ილუზია. მესამე საფეხურის ამოღება მაინც იქნება ეკოლოგიური პრობლემების გამწვავების საფუძველი, ვინაიდან ჰესს უნდა მივაკუთვნოთ ის ტერიტორია, რომელსაც ის დაიკავებს. ამ შემთხვევაში მოსახლეობა მაინც გადასასახლებელია. იტალიელები ტყუილად ბაქიბუქობენ, რომ ამით გარემოზე ზემოქმედება შეარბილეს. სინამდვილეში, დავკარგეთ სარეზერვო მოცულობა”, – ამბობს ანზორ ჭითანავა.

ახალი პროექტი მიუღებელია გარემოს დამცველებისთვისაც. ისინი ადასტურებენ, რომ ეკოლოგიაზე წნეხი შერბილებულია, თუმცა ოპტიმალური ვარიანტი არც ეს არის. “თავდაპირველი პროექტი შეიცვალა, ახლა საუბარია ორსაფეხურიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, თუმცა, არც წარმოდგენილის სქემაა ოპტიმალური. მართალია, დასატბორი ტერიტორიის მოცულობა შემცირდა, მაგრამ გარემოზე ზემოქმედება ისევ ძალიან დიდია. არ არის დასაბუთება, რა სარგებელს მოუტანს ეს ჰესი საქართველოს”, – მიიჩნევს გარემოს დამცველი დავით ჭიპაშვილი.

ხუდონიც შესაცვლელია

ენერგეტიკოსების ნაწილი და გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ გაცილებით მარტივია “ხუდონჰესის” პროექტის შეცვლა ისე, რომ დასახლებული ტერიტორიები საერთოდ არ დაიტბოროს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი კი კვლავ პირველ ჩვენებას მიჰყვება. მან “ბიზნეს-რეზონანსს” განუცხადა, რომ ხუდონის პროექტის სახეცვლილება არ იგეგმება. დავით ჭიპაშვილის არზით კი, “ხუდონის” პროექტი ან უნდა შეიცვალოს ან მშენებლობა საერთოდ დაკონსერვდეს.

“ელექტროსადგურის მშენებლობა დაწყებულია საბჭოთა კავშირის პერიოდიდან. ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, რომ არსებული სქემით პროექტის განხორციელება შეჩერდეს. გაკეთდეს ისეთი პროექტი, რომელიც არცერთი ადამიანის გადასახლებას არ გამოიწვევს. რამდენადაც ვიცი, არსებობს ალტერნატიული ვარიანტები, რომელიც სოფლებს არ დატბორავს. ან ამ ვარიანტების განხილვა უნდა მოხდეს, ან მშენებლობა საერთოდ დაკონსერვდეს”, – ამბობს დავით ჭიპაშვილი.

ალტერნატიულ ვარიანტებზე კი ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არც აქვს, ვინაიდან მოსახლეობა სოფლების დატბორვას არასდროს შეურიგდება. ‘”ხუდონჰესთან” დაკავშირებით მდგომარეობა, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა. ერთი მხრივ, კომპანია “ტრანს ელექტრიკა” არ ცდილობს გამოსავლის მოძებნას, რომელიც ნამდვილად არსებობს, მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია, საკუთარი ინტერესები დაიცვას”, – განაცხადა “ბიზნეს-რეზონანსთან” ენერგეტიკოსმა მირონ ფირცხელანმა.

ფირცხელანი გამოსავალს, ერთის ნაცვლად, სამი შედარებით მცირე ჰესის მშენელობაში ხედავს – “ტობარიჰესი”, “ხაიში ჰესი” და “ხუდონჰესი-2”. სამი ჰიდროელექტროსადგური ერთი “ხუდონჰესის” ნაცვლად. მისი გათვლებით, ამ შემთხვევაში უფრო მეტი ელექტროენერგიის მიღებაა შესაძლებელი, ამასთანავე გადარჩება კულტურული მემკვიდრეობა და დატბორვას გადაურჩება რამდენიმე სვანური სოფელი. “თუ “ხუდონჰესზე” გვაქვს 700 მგვტ სიმძლავრე და გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ, ხეობაში მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობით გაცილებით მეტი, დაახლოებით 2000 მგვტ სიმძლავრის მიღებაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, “ხუდონჰესის” მშენებლობა სულ მცირე 7-10 წელი უნდა გაგრძელდეს მაშინ, როდესაც მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას 1,5-2 წელი სჭირდება. ეს კი ეკონომიკურად გაცილებით მომგებიანია,” – მიაჩნია მირონ ფირცხელანს. იგი ამბობს, რომ კიდევ ერთი ალტერნატიული პროექტი აღნიშნული კაშხლის ენგურის სათავისკენ გადატანა, დაახლოებით 4,5-5 კილომეტრში, გვირაბით მარჯვენა ფერდზე წამოვა წყალი და მივა იქ, სადაც მიწისქვეშა სადგურია დაგეგმილი. “ეს იქნება “ხაიშიჰესი” (და არა “ხუდონჰესი”).

ამ შემთხვევაში საბჭოთა პერიოდში შესრულებული ყველა სამუშაო, რომელიც 178 მლნ დოლარად არის შეფასებული, ისევ რჩება, ხოლო არც ერთი ოჯახი საკუთარ კერას არ დატოვებს. ასევე შენარჩუნდება ჩვიბიანისა და ჩოგერის მოსახლეობა, რომელსაც მომავალში (როდესაც ჰესი ექსპლუატაციაში შევა) ასევე ემუქრება გადასახლება, ვინაიდან გაუარესდება კლიმატური პირობები”, – ამბობს მირონ ფირცხელიანი.

ალტერნატიული პროექტის განხორციელებას, ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად, გამორიცხავს ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა. იგი ამბობს, რომ “ხუდონის” დანიშნულება ქვეყნისთვის სარეზერვო ელექტროენერგიის გამომუშავებაა, რომელიც ზამთარში, პიკურ პერიოდში ქვეყნის ელექტროსისტემას დაეხმარება. ალტერნატიული პროექტები კი მხოლოდ გადინებაზე მომუშავე სადგურების მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის გაკეთებაც ქვეყნისთვის შეღავათი ვერ იქნება. “ხუდონის პროექტი ითვალისწინებს გარანტირებული სარეზერვო სიმძლავრეების შექმნას. ამიტომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს იმ სქემით, როგორიც არის. მით უმეტეს, რომ სამშენებლო სამუშაოების ერთი მესამედი უკვე შესრულებულია”, – ამბობს ჭითანავა. ასე რომ, ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტების ბედი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. ზამთარში კი იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება ყოველ წელს იზრდება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი “რეზონანსი”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად