ნაძალადევის რაიონში, სანზონის N6 და N5 კორპუსების მიმდებარედ, გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1 050 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„აღნიშნულ კორპუსებს შორის არსებული გზის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, გასული წლის ბოლოს წყალარინების მოძველებული ქსელი შეიცვალა. ამ პროექტით ეზო სრულად მოწესრიგდა და 96 ოჯახს გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა აღარ შეაწუხებთ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

გზის რეაბილიტაციის ღირებულება 70 000 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.