“მზად ვართ “ოცნებასთან” ერთად კოალიცია შევქმნათ” – ინტერვიუ ზვიად ძიძიგურთან

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კოალიციას არ შეუქმნიან, თუმცა პარტია მზადაა კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად შექმნას.

ეს განცხადება ზვიად ძიძიგურმა „აიპრესთან“ ინტერვიუში გააკეთა და აქვე გვითხრა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ოცნებაში“ ბრუნდება, არამედ ეს ნიშნავს სრულფასოვან პარტნიორობას.

პოლიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ მთავარი თემა არა ორპოლუსიანობა და ბიძინა-მიშაზე აგებული კამპანია უნდა იყოს, არამედ ის, ვინ კონსერვატორია და ვინ – ლიბერალი.

_ რისი შეცვლა გინდათ ქართულ პოლიტიკაში. იყავით წლების განმავლობაში მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში. რა ვერ გააკეთეთ იქ და რა უნდა შეცვალოთ დამოუკიდებლად კონსერვატიულმა პარტიამ?

_ დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მინდა გითხრათ, რომ პირველი მრავალპარტიული არჩევნებიდან საქართველოში უკვე 30 წელი გავიდა და ამ 30 მანძილზე არჩევნები მუდმივად ტარდება ასეთი პრინციპით – მიშა თუ ედუარდი, მიშა თუ ბიძინა… როგორც წესი არჩევნები ორპოლუსიანია და ამ ორპოლუსიანობიდან გამომდინარე ძირითადად პოლიტიკურ ბანაკებად ხდება პარტიების დაყოფა და გვერდზე გვრჩება ის ძირითადი თემები, რომლითაც იმართება ხოლმე პოლიტიკური დებატები ევროპასა და აშშ-ში. ეს არის მსოფლმხედველობრივი თემები.

მაგალითად, ერთ-ერთ პარტიას დავუსვით კითხვა – ერთნაირსქესიანთა ქორწინება უჭერენ მხარს თუ არა და იმდენად სხვადასხვანაირი პასუხები გასცეს მისმა ლიდერებმა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კინაღამ პარტია დაეშალათ. მაშინ, როდესაც „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქციები იმართებოდა და რაც ნარკოლიბერალიზაციას ემხრობოდა, პოლიტიკოსების რიგი იდგა აქციაზე, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინათ და ნარკოლიბერალიზაციის თემა უფრო აქტიურად ყოფილიყო ქართულ პოლიტიკაში შემოტანილი. მარტო ოპოზიცია არ იდგა. იმიტომ, რომ უმრავლესობის მიერ იყო ინიცირებული კანონი, რომელიც ნარკოლიბერალიზაციას ითვალისწინებდა ბევრი კომპონენტით, მათ შორის ნარკოტიკების გამყიდველებზე, დამამზადებლებზე, გამამვრცელებლებზე და ა. შ.

ოჯახის დეფინიციის საკითხი, რომელიც კონსტიტუციაში დაფიქსირდა, ამის გამო პარლამენტის დეპუტატებმა ხმა არ მისცეს ცვლილებებს. ანუ, პარტიები ჩამოყალიბებულები არ არიან.

_ ჩამოთვალეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და ალბათ ამომრჩეველს აინტერესებს, თქვენ საით დგახართ, რომელ პლატფორმაზე?

_ ჩვენ ცალსახად კონსერვატიულ პლატფორმაზე ვდგავართ. ოჯახის დეფინიცია რომ ჩაიწერა და ერთნაირ სქესიანთა ქორწინება არ მოხდება, „კონერვატორებს“ გვეამაყება, რომ ამაში ვმონაწილეობდით. ასევე ის, რომ ნარკოლიბერალიზაციის თემაზე კანონი რომ თაროზეა შემოდებული, ამაშიც დიდი დამსახურება გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ამ დიდი შრომით კარგი საქმე გავაკეთეთ. ის, რაც საკონსტიტუციო შეთანხმება ბევრი პარტიისათვის გამაღაზიანებელია და არასამთავრობოები დისკრიმინაციულს ეძახიან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი მომზადება არ გვჭირდება და პირდაპირ ვეუბნებით ამომრჩეველს, რომ ჩვენი ხედვა არის ეს.

_ თუმცა, ეს არის მთავარი გამოწვევა ქვეყნის წინაშე?

_ მსოფლმხედველობრივ ჭრილში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და თუ პრობლემატიკაში გადავიტანთ ამას… მაგალითად ნარკოლიბერალიზაციამ მოიტანა ის, რომ ძალიან ბევრი ნარკოდამოკიდებული ადამიანია და შემაშფოთებელ ნიშნულამდეა მისული.

_ სანამ ეს თემა შემოვიდოდა, მანამ არ იყო?

_ როგორ არ იყო, მაგრამ ახლა მოიმატა. ნახტომისებურად მოიმატა ბოლო რამდენიმე წელში.

_ რაიმე სტატისტიკა გაქვთ და ამაზე დაყრდნობით საუბრობთ თუ ეს არის თქვენი დაკვირვება?

_ რა არის ჩემი დაკვირვება? ყველა სტატისტიკა ამაზე საუბრობს. საშინელი რიცხვები გვაქვს, უკვე 13-14 წლის ბავშვები არიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული. მომატებულია სუიციდის შემთხვევები, რაც ხშირად ამასთან არის დაკავშირებული.

ჩვენ როდესაც ვთავაზობთ, რომ სპორტი ნარკოტიკის გარეშე, ჩვენ შევისწავლეთ ევროპული გამოცდილება. იქაც იდგა ასეთი პრობლემები და ამის გადასაჭრელად მათ მოიფიქრეს ალტერნატიული გზები. მართალია მხოლოდ სპორტის შემოტანის თემამ არ უშველა და საჭიროა ასევე სოციალური კამპანია, როდესაც სახელმწიფო გეუბნება, რომ ნარკოტიკი საშინელებაა ადამიანისთვის. ასეთი სოციალური რეკლამების ფონზე მოხდა ახალგაზრდებისთვის სპორტის შეთავაზება.

როდესაც მეკითხებით, რომ პირველი რიგის პრობლემები ეს არისო, მესმის რასაც გულისხმობთ, რომ ქვეყანაში არის ოკუპაცია, რაზეც არის მიბმული სხვა პრობლემებიც. როდესაც 75 000 ვეტერანი ბედის ანაბარაა მიგდებული, მაშინ როდესაც ხვალ შეიძლება კიდევ რაღაცა კონფლიქტი წარმოიშვას ქვეყანაში და საქართველოს დასჭირდეს დაცვა, ვინ წავა ქვეყნის დასაცავად თუ ვეტერანებს ბედის ანაბარა დავტოვებთ?!  ამიტომ, ჩვენ სოციალური ჭრილში გადაგვყავს მსოფლმხედველობრივი საკითხები.

პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კონსერვატორი ხარ თუ ლიბერალი, ეს იქება არა მეხუთე პლანზე გადატანილი საკითხი, არამედ ძირითადი საკითხი. როდესაც პარტიები ამბობენ, რომ 300 ლარი გახდება პენსია თუ 700, ეს ან მოხდება ან არა. როდესაც გეკითხები – უჭერ თუ არა მხარს ნარკოლიბერალიზაციას და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ამაზე პასუხი ცალსახა უნდა იყოს.

_ ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი არის საგარეო ორიენტირის საკითხიც. რას ფიქრობთ რუსეთზე, უჭერთ თუ არა მხარს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას და ა. შ?

_  კონსერვატორები მოვდივართ ეროვნული მოძრაობიდან. მიტინგებზე ვიდექით და ვაფიქსირებდით, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს და გაეროს წევრი, უნდა გაერთიანდეს ევროპულ სტრუქტურებში და ა. შ. ჩვენ გამოკვეთილად ვაფიქსირებთ ამ პოზიციებს ყველგან. ჩვენ ვართ ევროპელი კონსერვატორ-რეფორმატორების სრულუფლებიანი წევრები. ჩვენი ევროპელი კოლეგები ამ არჩევნების დროსაც არიან ჩვენთან მჭიდრო კომუნიკაციაში და კონსულტაციების რეჟიმში გავდივართ ამ თემებსაც.

რა საკითხებსაც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ, ბრიტანელებისთვის ჩვეულებრივი ამბავია და განიხილავენ ამომრჩეველთან ერთად. იქ, როდესაც ოჯახზე, ჯარზე, ტრადიციების შენარჩუნებაზე ლაპარაკობენ, იქ არ სვამენ ამ კითხვას, რომ ეს არის ახლა ყველაზე მტკივნეული პრობლემაო. იციან, რომ კონსერვატორები ამ ფასეულობებზე დგას, ასევე არიან ლიბერალებიც, რომლებსაც თავისი ხედვები აქვს და ამ აზრთა ჭიდილში ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, საით უნდა წაიყვანოს თავისი ქვეყანა.

რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, ვცდილობთ რომ გაიმართოს დებატები – კონსერვატორი თუ ლიბერალი, მაგრამ არა. დებატები მაინცდამაინც იმართება მიშა თუ ბიძინა. ეს დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებლად მიგვაჩნია. მაგრამ 2024 წლიდან უკვე სრულად პროპორციული არჩევნები იქნება და უფრო თემატური დებატები იქნება.

_ პოტენციურად დგას კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხი. თქვენი თავი სად წარმოგიდგენიათ? არის მსჯელობა, ვინ შეუქმნის კოალიციას ივანიშვილს და „ოცნებას“, ვინ იქნება ოპოზიციურ კოალიციაში და ა. შ. თქვენ სად წარმოგიდგენიათ თავი?

_ ერთადერთი პარტია, რომელიც ღიად ლაპარაკობს, რომ კოალიციას არ შეუქმნის „ნაციონალურ მოძრაობას“ და მზად არის შექმნას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ეს არის „კონსერვატიული პარტია“. ჩვენ 7 წელი ვიყავით, „ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრები და რა თქმა უნდა ჩვენი წამოსვლა პრინციპული უთანხმოებიდან გამომდინარე იყო, რომელიც პროპორციულ არჩევნებს ეხებოდა და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, მაგრამ რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, მათთან სრული მიუღებლობა და ყველა მიმართულებით აცდენა გვაქვს.

_ თუ ისევ ფიქრობთ „ოცნებასთან“ კოალიციაზე, მაშინ რატომ წამოხვედით?

_ კოალიციის შექმნა სადმე დაბრუნებას არ ნიშნავს. როდესაც პარტიები ლაპარაკობენ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად კოალიციას შექმნიან, „ნაცმოძრაობაში“ ბრუნდებიან? – რა თქმა უნდა არა. კოალიციის შექმნა ნიშნავს ხელისუფლებაში მოსვლას. მე ვამბობ, რომ დიახ კოალიციური მთავრობის შექმნაში მივიღებთ მონაწილეობას და ეს სადმე დაბრუნებას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, როგორი ტიპის კოალიციური მთავრობა წარმოგვიდგენია ჩვენ. ეს ნიშნავს პარტნიორობას გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად. პარტნიორობა კი ვინმესთან დაბრუნებას, ან ქვეშევრდომობას არ გულისხმობს. ეს არის ჩვენი წინაპირობა.

ასევე უნდა განხორციელდეს პროგრამული ნაწილი, რაც გულისხმობს „სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად და რაც 13-17 წლის მოზარდების სრულ ვაუჩერიზაციას ვითხოვთ, ვეტერანებისათვის 22 ლარის ნაცვლად 100 ლარს, დაუბეგრავი მინიმუმი ვეტერანებისათვის 3000 ლარის ნაცვლად 14400 ლარი. ჯამში ეს არის 120 000 ლარი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს თემები უნდა იყოს გათვალისწინებული.

რაც შეეხება დაბრუნებას და სატელიტებად გამოცხადებას, საკითხის ასე დასმა პრინციპულად არასწორია. კოალიციური მთავრობა საქართველოში რეალურად ჯერ არ ყოფილა. პირველად იქნება და მასზე შეხედულებები როგორც ჟურნალისტების, ისე პოლიტიკოსების მხრიდან ცოტა გულუბრყვილოა. ყველა პარტია, ვინც კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობს, ყველა სახელისუფლებო და გამარჯვებული პარტიაა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად