მუსლიმები რამადან ბაიარამს აღნიშნავენ

ერთთვიანი მარხვის შემდეგ, მუსლიმები რამადან ბაიარამს აღნიშნავენ. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ აღავლინა. 19 მარტის შემდეგ დღემდე, მეჩეთებში ჯგუფური ლოცვები შეჩერებული იყო.

ბაირამის დღესასწაულზე, პანდემიის გამო მუსლიმი მრევლი ორთაჯამეში პირველად შეიკრიბა. მორწმუნეთა ნაწილმა ლოცვა ქუჩაში შეასრულა.
„მინდა, მივულოცო ბაირამის უდიდესი დღესასწაული ყველა მუსლიმს. მადლობა მინდა, გადავუხადო მრევლს ასეთი ორგანიზებული მოქმედებისთვის. განვიცდიდით მრევლთან დისტანცირებას პანდემიის პირობებში. მადლობა ღმერთს, სიტუაცია დადებითისკენ შეიცვალა, რასაც შევთხოვდით ღმერთს ყველა მორწმუნე და საშუალება მოგვეცა, შევკრებილიყავით. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, მთელი მსოფლიო, ამ წესების დაცვით გაგრძელდება მეჩეთებში პარასკევის ლოცვები“, – განაცხადა საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.
რამადან ბაირამი ერთთვიანი მარხვის შემდეგ აღინიშნება. მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ საკვებისა და წყლის მიღება. ბაირამის დღესასწაულზე ლოცვასთან ერთად მუსლიმები უხვად გასცემენ მოწყალებას, მოინახულებენ წინაპართა საფლავებს და ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ქართველი მუსლიმების ტრადიციით, ამ დღეს აუცილებლად მოსამზადებელი ტკბილეულია ჰალვა.
მეჩეთში, ტრადიციული ლოცვა დისტანციის დაცვითა და პირბადეებით შეასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად