მურუსიძე: ხომ შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ მიხვდე, რომ უდანაშაულო ადამიანი ციხეში გაუშვი?!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ რომელიც ხშირად იყო მედიის, საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ყურადღების ობიექტი, დაასრულა 4 წლიანი მუშაობა საბჭოში. დღეს, იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის რანგში იმყოფებოდა, მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენციაზე, სადაც სასამართლო კორპუსმა, ახალი საბჭოს მდივანი აირჩია. 

კონფერენციის დასრულების შემდეგ "აიპრესთან"  კითხვაზე: თქვენს რომელიმე გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობთ? და რამეს ხომ არ შეცვლიდით, თავიდან რომ აერჩიეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ? ლევან მურუსიძემ განაცხადა:

რა თქმა უნდა ამ ცხოვრებაში უშეცდომო არავინაა. შეიძლება კონკრეტულად არის რაღაც ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ზოგჯერ შეიძლება სასამართლოს უკავშირდებოდეს და ზოგჯერ არა. ცხოვრებაში ყველა ადამიანს გვაქვს საქციელი, რომელიც გვინანია, შემიძლია ეს დავასახელო, მაგრამ არ მინდა ეს ისევ სპეკულაციის საგნად იქცეს.

დაასახელეთ…

გულწრფელად გეტყვით, თუ თქვენ გულისხმობთ სასამართლო სისტემაში ჩემს მიერ დაშვებულ შეცდომას და არა მანამდე, მე რა გადაწყვეტილებასაც ვღებულობდი, იმ წუთას მიმაჩნდა, რომ ეს იყო კანონიერი. შეიძლება თეორიულად ვთქვათ, რომ რაღაც იყო შეცდომით, არასწორი, მაგრამ ჩემი მოღვაწეობა, სულ ვცდილობდი, რა გადაწყვეტილებასაც ვიღებდი, მიმაჩნდა რომ ის იყო სწორი, მაგრამ ამას დრო და საზოგადოება შეაფასებს. ერთი რამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, ცხოვრებაში ყველა ადამიანი რაღაცას ნანობს, მაგრამ მოსამართლე უნდა ეცადოს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მას სჯერა, რომ არის სწორი.

შეიძლება შეგვეშალოს, მაგალითად, 2005-2006 წლებში, როცა საქმეებს ვიხილავდით, ადრეც იყო პრობლემები, 5-6 პოლიციელი მოიყვანდა დაკავებულს, ეს ბრალდებული იძახდა, რომ მას ნარკოტიკი ჩადებული ჰქონდა, მაგრამ პოლიციელები იძახდნენ, რომ ეს ნარკოტიკი ამოუღეთ. მიმიღია გადაწყვეილება და ეს პიროვნებები გამიმტყუნებია, მაგრამ ხომ შეიძლება მოხდა ისე, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მიხვდე იმას, რომ უდანაშაულო ადამიანი ციხეში გაუშვი. ეს არის ტრაგედია, რომელიც ახლავს სისხლის სამართლის განმხილველი მოსამართლეების საქმიანობას. 

ეს მარტო საქართველოში არ ხდება, უცხოეთშიც ხდება, ადამიანები წლების განმავლობაში ციხეში იჯდნენ და აღმოჩდა, უდანაშაულო ყოფილან. ამიტომ, მოსამართლის საქმიანობა ძალიან რთული და ძნელია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად