მუხაშავრია: უზენაესის თავმჯდომარედ თადუმაძის არჩევა ვაშინგტონი-ბრიუსელის წერილების გამო გადაიფიქრეს

იურისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მოსული წერილების გამო გადაიფიქრა. ამიტომ, წარადგინა იუსტიციის საბჭომ თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე, რომელსაც კენჭი პარლამენტმა უნდა უყაროს.

როგორც მუხაშავრიამ “აიპრესს” უთხრა, “ოცნებას” ნებისმიერ ფასად სჭირდება შედეგი 2020-ის არჩევნებზე, რასაც სასამართლო დავების შემთხვევაში ნინო ქადაგიძე უზრუნველყოფს.

“ყველა იმ წერილში, რომელიც ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მოვიდა, აღნიშნული იყო უზენაესის წევრების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკის თაობაზე. ეს აშკარად მიანიშნებდა იმაზე, რომ რამდენიმე სკანდალური კანდიდატი არ იმსახურებდა არჩევას, მაგრამ მაინც აირჩიეს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ალბათ იყო თადუმაძე, რომლის დიპლომი გახდა საეჭვო და სადავო. ამიტომ, ახლა თადუმაძის წარდგენა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ძალიან ცუდი რეპუტაციის მომტანი იქნებოდა „ოცნებისთვის“. აქედან გამომდინარე, ალბათ მათ ეყოთ გონიერება, რომ ის გადაეყვანათ ჩრდილში.

პარლამენტის დღევანდელ უმრავლესობას სჭირდება 2020-ის არჩევნებში შედეგის მიღწევა ნებისმიერ ფასად, ამას კი სასამართლო დავების შემთხვევაში უზრუნველყოფს ქადაგიძე, რომელიც უზენაეს სასამართლოში დახვდება ყველა დავას, რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის გავლის შემდეგ მიაღწევს იქამდე.

თანაც ვიცით, რომ უზენაესი სასამართლო პრაქტიკულად მართლმსაჯულების სისტემის სრულ კონტროლს ახორციელებს, იმით რომ უმაღლესი ინსტანციაა. აქედან გამომდინარე ისეთი მოსამართლე, როგორიც ქალბატონი ქადაგიძეა და რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს საარჩევნო და ადმინისტრაციული დავების განხილვის გადაწყვეტის თვალსაზრისით. ამიტომ თუ ის გარიგებულია ხელისუფლებასთან და დაკვეთის შემთხვევაში თანხმობა აქვს მიცემული, ცხადია მას პარლამენტი აირჩევს”, – გვითხრა ლია მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად, ამავე სასამართლოს მოსამართლე, ნინო ქადაგიძე წარადგინა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად