მუხაშავრია: მაშინ როცა საარჩევნო დავები იქნება, ივანიშვილს უზენაესის თავმჯდომარედ ქადაგიძე სჭირდება 

“უნდა ვივარაუდოთ, რომ ნინო ქადაგიძე კლანთან ასოცირდება და რომ მისი კანდიდატურა შეთანხმებულია კლანთან”, – ასე ეხმაურება “აიპრესთან” იურისტი ლია მუხაშავრია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძის წარდგენას.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ერთსულოვნება არ იქნებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

“შესაბამისად, ჩავარდა თადუმაძე როგორც კანდიდატი. ამიტომ, ეს არ მოხდებოდა ისე, რომ კლანთან არ ყოფილიყო შეთანხმებული და მასთან არ ყოფილიყო გარიგებული საკითხი”, – აღნიშნავს მუხაშავრია.

კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენა ახლა, მაშინ, როცა უზენაესი სასამართლო წელიწადნახევარია თავმჯდომარის გარეშეა, ხომ არ უნდა მოეცადათ და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაეწყვიტათ ეს საკითხი თუ პირიქითი არჩევნებამდე ყველაფრის “დალაგებას” ცდილობენ? – ლია მუხაშავრია ასე პასუხობს:

“ქალბატონი ნინო ქადაგიძე იმით არის ცნობილი, რომ მან ვარდების რევოლუციის დროს დაადგინა, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარებულად ითვლებოდა, ხოლო მაჟორიტარული – არა. ანუ, მან თავისი გადაწყვეტილებით რევოლუციის ლეგიტიმაციას ფაქტობრივად ხელი მოაწერა. ამიტომ, მისი ყოფნა უზენაესის თავმჯდომარედ იმ ვითარებაში, როდესაც საარჩევნო დავები იქნება, ივანიშვილს და ქართულ ოცნებას აბსოლუტურად სჭირდება. ამიტომ მისი წარდგენა ამ თანამდებობაზე სავსებით ჯდება ქართული ოცნების ლოგიკაში“, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად, ამავე სასამართლოს მოსამართლე, ნინო ქადაგიძე წარადგინა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად