“მწვანე პასპორტების” შემოღება ძალიან კარგია ბიზნესის განვითარებისთვის – სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი იმ რეგულაციების დაწესებას აფასებს, რომლებიც მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს 1-ელი დეკემბრიდან შეეხებათ.

შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ „მწვანე პასპორტის“ შემოღება ძალიან კარგია ბიზნესის განვითარებისთვის. სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ამ რეგულაციების შემოღების შემდეგ აუცილებელია ობიექტებისთვის კონკრეტული ბენეფიტების დაწესებაც.
„მწვანე პასპორტების“ შემოღება ძალიან კარგია ბიზნესის განვითარებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ობიექტებს, სადაც ეს „მწვანე პასპორტი“ იქნება შემოღებული, პარალელურ რეჟიმში უნდა ჰქონდეთ კონკრეტული ბენეფიტები, ანუ „მწვანე პასპორტებთან“ ერთად შეღავათები უნდა მისცენ იმ ობიექტებს, სადაც ეს სისტემა დაინერგება. ესენია სასტუმროები, რესტორნები ა.შ. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ რადგან „მწვანე პასპორტით“ ვუშვებთ შიგნით ადამიანს, ეს ობიექტი უფრო დაცულია. ყველა ერთად უნდა შევჯერდეთ, „ოქროს შუალედი“ ვიპოვოთ და ერთად მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ „მწვანე პასპორტებთან“ ერთად უფრო მეტი შეღავათი მიიღოს ობიექტმა“, – აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
„მწვანე პასპორტების“ კონცეფცია მომსახურე სფეროს წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო.

კომენტარები
იტვირთება...