მცხეთაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ

მცხეთის მუნიციპალიტეტის 83-მა პედაგოგმა პროფესიული საქმიანობა დაასრულა და სახელმწიფოსგან, ფულადი ჯილდოს სახით, 2 წლის ჯამური ხელფასი მიიღო.

ღვაწლმოსილი მასწავლებლებისთვის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა. პედაგოგები გაწეული შრომისთვის მადლობის სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას დაესწრნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე.

„მადლობას გიხდით მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის. თქვენ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ემსახურებოდით და მჯერა, მოვალეობა პირნათლად შეასრულეთ. აღზარდეთ და განათლება მიეცით არაერთ თაობას, რომელთა წარმომადგენლებს ქვეყნის მშენებლობაში საკუთარი წვლილი შეაქვთ და მომავალშიც შეიტანენ. მინდა სიკეთე, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა გისურვოთ“ – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

ღონისძიების შემდეგ პედაგოგებისთვის საზეიმო ვახშამი გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად