მცხეთამთიანეთში 200-ზე მეტი საზოგადოებრივი კვების ობიექტის მუშაობა დროებით შეჩერდა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს.

დღეის მდგომარეობით, მცხეთა-მთიანეთში, უკვე 200-ზე მეტი საზოგადოებრივი კვების ობიექტის მუშაობაა შეჩერებული. 40 ობიექტი საკვების სახლში მიტანის სერვისით აგრძელებს ფუნქციონირებას. დროებით დაიხურა რეგიონის მასშტაბით არსებული კაზინოები, სპა-ცენტრები, სილამაზის სალონები და ელექტროტექნიკის მაღაზიები.

შეზღუდვები დაწესდა ტრანსპორტზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ინტენსივობა მინიმუმამდე შემცირდა და რეისები მხოლოდ მოსახლეობისთვის აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. ამასთან, მძღოლები სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით რეგულარულად ამუშავებენ.

COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ. მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მოხალისეთა ჯგუფებიც შეიქმნა. მოხალისეები, ვირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. ისინი მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან მცხეთა-მთიანეთში მოქმედ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად