მცხეთა-მთიანეთში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება

კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მცხეთა-მთიანეთში შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.

უკვე რამდენიმე დღეა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, კულტურისა და სპორტული ობიექტები და სატრანსპორტო საშუალებები.

ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები მცხეთა-მთიანეთში აქტიურად გაგრძელდება. დეზინფექცია ჩაუტარდება რეგიონის მასშტაბით არსებულ ყველა სკოლას, საბავშვო ბაღს, სპორტულ დარბაზს, კულტურის სახლს, მუზეუმისა და ბიბლიოთეკის შენობას და საზოგადოებრივ ტრანსპორტს. სპეციალური ხსნარებით დამუშავდება ის სატრანსპორტო საშუალებებიც, რომელიც საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ემსახურებათ.

მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს უწევს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მცხეთა-მთიანეთში მოქმედი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფს მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონშია შექმნილი. სამხარეო ჯგუფების მუშაობას კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად