მცირე ზომის ეკლესიებში, სააღდგომო ლიტურგიაში მრევლი მონაწილეობას ვერ მიიღებს

მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომლებიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. მისივე განცხადებით, მთავრობას აქტიური კომუნიკაცია აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და პატრიარქთან.

„დიდი ზომის ეკლესიაში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას. დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათის დროს საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე, იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება. ამ ნორმის დარღვევა კი ფიზიკური პირისთვის ითვალისწინებს 3000 ლარის ოდენობით ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მოქალაქეებმა განუხრელად უნდა დაიცვან კანონის ძალით დადგენილი შეზღუდვები და საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე შეზღუდონ ყოველგვარი გადაადგილება. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებულ იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად