მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 აპრილს მდინარე ენგურზე გადმოსვლისას დაღუპულთა ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანი განცხადებით, 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

“ოკუპირებული გალიდან ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახების მხარდაჭერა მიმდინარეობს ტრაგედიის პირველივე დღეებიდანვე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გასწია პირველადი საჭიროებებისთვის აუცილებელი დახმარება ერთჯერადად და საქართველოს მთავრობა მათი საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე რა თქმა უნდა განაგრძობს ზრუნვას ამ ოჯახების, თითოეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ. ამასთანავე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, გაუწევს ფინანსურ დახმარებას”-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, 7 აპრილს მომხდარ შემთხვევას ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ისინი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, მდინარე ენგურში დაიღუპნენ.

სუს-ის ცნობით, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...