მთავრობის ადმინისტრაცია: პრემიერის დაპირება აუცილებლად შესრულდება, ინფექციურის პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება

“მსურს განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში გადადგა. საქართველო ძალიან სწორად წარმართავდა პროცესებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და შეძელით შემთხვევათა რაოდენობა 650-ზე დაბალი ყოფილიყო.
გააორმაგეთ შემთხვევათა ზრდის დრო და შესაბამისად, გასული კვირის შემთხვევები მხოლოდ 6%-ით გაიზარდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო საკმაოდ კარგად უმკლავდება მიმდინარე პროცესებს და ინფექციასთან ბრძოლის პროცესში რეალურად აღწევს გარკვეულ შედეგებს.” – ასეთი მაღალი შეფასება მისცეს “აიპრესთან” საქართველოს ბრძოლას პანდემიის წინააღმდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების დირექტორის, მაკ რაიანის განცხადებით, ის ამაყობს იმით, რომ საქართველოში მუშაობდა: მე ვამაყობ, რომ ვმუშაობდი საქართველოში ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე, დიდი ხნის წინ, მე ვიმოგზაურე მთელ საქართველოში და მე ვიცი საქართველოს განსაკუთრებული სოციალური მდგომარეობის შესახებ.

ორგანიზაცია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტრადიციებს:

მაკ რაიანი: “ზემოთ ნახსენები პირადი გამოცდილება მაძლევს იმის საფუძველს, მჯეროდეს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მეცნიერების ძალიან ძლიერი ტრადიციის  და აქვე ვიმედოვნებ, რომ ქართული მხარე ასევე წარმატებით გააგრძელებს და საბოლოოდ წარმატებით მოახერხებს ამ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავებას.”

ეს შეფასებები განსაკუთრებით იმ ექიმთა გუნდს ეკუთვნის, რომლებსაც პანდემიასთან ბრძოლა უმძიმეს პირობებში უხდებოდათ, ფაქტობრივად, სხვის შენობაში თავშეფარებულებს. საუბარია ინფექციური საავადმყოფოს გუნდზე და მედპერსონალზე, რომლებმაც მუხლჩაუხრელი შრომა გასწიეს იმისთვის, რათა მიგვეღო ის შედეგი, რაც გვაქვს და რის გამოც საქართველო კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ითვლება.

შენობა,სადაც ადგილებში წყალი ჩამოდის, 2009 წელს, წინა ხელისუფლებამ კერძო პირზე, კერძოდ კი “ავერსი ფარმაზე” გაასხვისა. იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ქვეყნის პირველი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მათ მეპატრონე შენობის გარემონტების უფლებასაც კი არ აძლევდა.

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციური საავადმყოფოს შენობა ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ იქ მდგმურები ვართ. ეს შენობა ეკუთვნის კერძო კომპანიას, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე, რაც ჩვენ არაერთგზის ვითხოვეთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია 18 მარტს იმყოფებოდა ინფექციურ საავადმყოფოში და პირადად ნახა ის პირობები, რომელშიც ინფექციონისტებს მუშაობა უხდებოდათ.

“აიპრესი” დაინტერესდა რა ეტაპზეა აღნიშნული საკითხი და რა ბედი ელის ექიმებს. მითუმეტეს, ამ პირობებში, როცა არ არის გამორიცხული, ზამთარში პანდემიის მეორე ტალღა განმეორდეს. სწორედ ამ კითხვით მივმართეთ მთავრობის ადმინისტრაციას. მთავრობის ადმინისტრაციაში გაგვიცხადეს, რომ პრემიერის დაპირება აუცილებლად შესრულდება/

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი 18 მარტს იმყოფებოდა ინფექციურ საავადმყოფოში და პირადად დაათვალიერა ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის ადმინისტრაციული შენობა, სადაც არასათანადო პირობებია და წყალი ჩამოდის. კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შენობის არასათანადო მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ 2009 წელს, წინა ხელისუფლებამ აღნიშნული ტერიტორია და შენობა-ნაგებობები კერძო კომპანიას მიჰყიდა.

მთავრობის მეთაური ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძეს, ექიმებს და სამედიცინო პერსონალს შეხვედრისას დაჰპირდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს შენობასთან დაკავშირებული პრობლემები უახლოეს მომავალში მოგვარდება და ექიმები, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა სამოქალაქო გმირობის ტოლფასია, ღირსეულ და სათანადო გარემოში განაგრძობენ მუშაობას. შესაბამისად, ამ საკითხის გადასაჭრელად მიმდინარეობს მუშაობა და პრემიერ-მინისტრის დაპირება აუცილებლად შესრულდება.” – გაგვიცხადეს ადმინისტრაციაში ჩვენი კითხვის პასუხად.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თენგიზ ცერცვაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ თემაზე.

10 მაისს, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა  განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი მათთვის შეპირებული შენობის გამოყოფაზე საუბრობდნენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. აღნიშნულ საკითხზე, დღეს ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ მაუწყებელთანაც ისაუბრა.

ჩვენი თხოვნა და ასე ვთქვათ, პრეტენზია, რომელიც პოსტში გამოვთქვით, ორი ნაწილისგან შედგებოდა. ჩვენი შეწუხების ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი უსახლკარობა და სხვის ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში ყოფნა ძალიან გაჭიანურდა, რაც ძალიან დისკომფორტულია.

თქვენ იცით, მდგმურად ყოფნა რამდენად ცუდია და მაღალტექნოლოგიური კლინიკისთვის მდგმურად ყოფნა საერთოდ ძალიან ძნელია. მეორე ის იყო, რომ არ ვიყავით ინფორმირებული, თუ რა გზით აპირებენ ამ საკითხის გადაჭრას, ანუ რა ვარიანტები განიხილება. ამაზე ამომწურავი და კარგი ინფორმაცია მივიღეთ. ის, რისიც გვეშინოდა, რომ საკითხი ახალი შენობის ასაშენებლად გადაწყდებოდა, როგორც შეგვპირდნენ, უარყოფილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

იმიტომ, რომ ახლა რომ ახალი შენობის მშენებლობა დაიწყონ, თქვენ წარმოიდგინეთ, ამას თუ მეტი არა, სულ ცოტა, სამი წელიწადი მაინც დასჭირდება, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს გაცნობიერებული აქვს სამინისტროს, ქვეყნის ხელმძღვანელობას და მშენებლობა უბრალოდ, სარეზერვო ვარიანტად განიხილება, თორემ ლაპარაკია სახელმწიფოს მიერ უკვე არსებული რომელიმე შენობის შესყიდვაზე და ჩვენთვის გადმოცემაზე. როგორც გვითხრეს, ამჟამად, საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ რომელი შენობა შეისყიდონ და რომელი გადმოგვცენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს პირველ არხს 8 მაისს განუცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ისევ არ არის ცნობილი, ახალი აშენდება, თუ უკვე არსებული რომელიმე შენობა შეირჩევა. მისივე თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობის ბედი თვის ბოლომდე გაირკვევა. ამ საკითხზე  ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა 10 მაისს განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია:

„როგორც ცნობილია, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიჰყიდა შპს „ავერსი-ფარმას“ იმ პირობით, რომ ცენტრს ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა და დღემდე ცენტრი რჩება ძველ ტერიტორიაზე, 2009 წლამდე დაკავებული შენობა-ნაგებობების ნაწილში (მეორე ნაწილი შპს „ავერსი-ფარმამ“ წაიღო), რომელიც 2019 წლის 1-ელ ივლისამდე იჯარით ჰქონდა აღებული და საქმიანობა უწევს უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში.

ა.წ. 8 მაისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შესარჩევად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ისევ არაა ცნობილი, ახალი აშენდება, თუ უკვე არსებული რომელიმე შენობა შეირჩევა. მსგავსი განცხადებები მეათე წელია, კეთდება, მაგრამ უშედეგოდ.

სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს არც შენობასთან დაკავშირებით და არც იჯარასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან ვახერხებთ რაიმეს გაგებას, რაც ძალიან ცუდია“.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად