მთავრობის ადმინისტრაცია: ევროპარლამენტარები საარჩევნო გარემოს დადებითად აფასებენ

ევროპარლამენტის დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება. აღნიშნული შეფასება დელეგაციის წევრებმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთეს.

ევროპარლამენტარების განმარტებით, საქართველოში მშვიდი საარჩევნო გარემოს არსებობის შესახებ მათი ყველა კოლეგა საუბრობს, რაც მისასალმებელია.

დელეგაციას, რომელიც საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ეწვია, პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ, რომელიც ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ემსახურებოდა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი, რამაც ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობები მისცა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, განათლების სისტემის რეფორმას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას მოიცავს. ყურადღება დაეთმო სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და ამ პროცესში ევროკავშირის მიერ გაწეულ მხარდაჭერას.

გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპარლამენტის დელეგაციას, ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად