მთავრობას​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება, შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა, 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს. პარლამენტმა აღნიშნული კანონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიიღო და კონკრეტული ღონისძიებები განსაზღვრა, რომელთა მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ ხაჩიძემ და ილია ნაკაშიძემ მოამზადეს.

როგორც ცვლილებების ავტორები განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

„სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა. 2020 წლის 15 ივლისიდან, ერთი მხრივ, აღარ იმოქმედებს კანონის აღნიშნული დროებითი ნორმები, ხოლო, მეორე მხრივ, პანდემიით გამოწვეული ვითარება ქვეყნისთვის კვლავ მწვავე გამოწვევად დარჩება. არსებული რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტიანად გასამკლავებლად აუცილებელია, გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მოქმედება და მათ საფუძველზე სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ქვეყნებს კვლავ უწევთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა პანდემიის პირობებში, ერთი მხრივ, გააგრძელონ ჩვეული ცხოვრება და, მეორე მხრივ, ებრძოლონ ვირუსსა და მისგან მომდინარე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ შედეგებს. ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად გარკვეული შეზღუდვები კვლავ არსებობს ევროკავშირის წევრ და არაწევრ ბევრ ქვეყანაში. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებისას აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხები შესწავლილ იქნა ისეთი ქვეყნების შემთხვევებში, როგორებიც არის: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იაპონია, იტალია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი და სხვა”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მაისში დაამტკიცა, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად