“მთავრობამ მუსლიმი თემისთვის რადიკალურად დიდი ოდენობის თანხა გასცა”

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ EMC-იმ მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის (#117) დადგენილების საფუძველზე ოთხ რელიგიურ გაერთიანებასთან, გაფორმებული ხელშეკრულებები შეისწავლა, რომლის საფუძველზეც მუსლიმ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემებს სახელმწიფომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებისთვის შესაბამისი ფინანსები გადასცა.

2014 წელს, საქართველოს მუსლიმი თემისთვის გადარიცხული თანხა შეადგენს 1 100 000 ლარს, იუდეური თემისთვის – 150 000 ლარს, რომაულ-კათოლიკური თემისთვის 200 000 ლარს, ხოლო სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემისთვის 300 000 ლარს.  ჯამში თანხა 1 750 000 ლარს აღწევს.

ორგანიზაცია ამბობს, რომ 2014 წლის 13 მარტის (#437) განკარგულება აღნიშნული ოთხი რელიგიური ორგანიზაციისთვის სარეზერვო ფონდიდან 3 500 000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. თუმცა, როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2014 წელს მათზე რეალურად 2-ჯერ ნაკლები თანხა გაიცა მთლიანობაში.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ თვლის, რომ  გაცემულ თანხებს შორის   დისპროპორციაა და მუსლიმი თემისთვის გაცემული თანხები რადიკალურად დიდ ოდენობას აღწევს.

EMC-ის შეფასებით, დაფინანსების არსებული პრაქტიკა რელიგიური გაერთიანებებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების/კომპენსაციის მოდელს სცდება და ფაქტობრივად მათ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას წარმოადგენს, რადგან 2014 წლის 27 იანვრის დადგენილება და მისი აღსრულების პრაქტიკა არ ითვალისწინებს გონივრულ, სამართლიან და ობიექტურად გაზომვად კრიტერიუმებს, რომელსაც მთავრობა ეყრდნობა კომპენსაციის ოდენობის დადგენის დროს. 

ოთხ რელიგიურ გაერთიანებასთან დადებული ხელშეკრულებებიდან ცალსახად ჩანს, რომ გაცემული თანხების მიზნობრიობა სახელმწიფოს მიერ ზედმიწევნით კონფესიური საქმიანობისათვის არის განკუთვნილი, რაც წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმის პრინციპთან, რომელიც საბიუჯეტო სახსრების არასაერო, რელიგიური მიზნებისთვის გადაცემის აკრძალვას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად