მთავრობამ მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების გამოყენების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

მთავრობამ მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.

დადგენილების თანახმად, პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიან რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრებით იჯარით ისარგებლებენ. იჯარის ვადა 25 წელია. ღირებულება, პირველ და მეორე წელს 1 ჰა-ზე 1 ლარი იქნება, მესამე და შემდგომ წლებში 1 ჰა-ზე 15 ლარი. იჯარის უფლების მესამე პირისთვის დათმობა/უფლებრივად დატვირთვა, ქვეიჯარით გაცემა დაუშვებელია. 

პროგრამაში ჩართულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სათიბებამდე და საძოვრებამდე გზას გაიყვანენ, რასაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შესაბამისი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ. 

დადგენილებით, კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 11-ს, რომლებიც დარეგისტრირებულები უნდა იყვნენ მაღალმთიან დასახლებებში. 

ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე იჯარით აღებული სათიბის ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 0,5ჰა-ისა და არა უმეტეს 2 ჰა-ისა, ხოლო საძოვრის ფართობი ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე უნდა იყოს არანაკლებ 1ჰა-ისა და არა უმეტეს 2 ჰა-ისა. 

იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტში არ მოიძებნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბის ამ ქვეპუნქტით დადგენილი რაოდენობები, პრეტენდენტს სათიბის ნაცვლად შეუძლია მოითხოვოს საძოვარი, თუმცა სათიბისათვის დადგენილი ფართობების ფარგლებში. ხოლო თუ მუნიციპალიტეტში არ მოიძებნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრის ამ ქვეპუნქტით დადგენილი რაოდენობები, პრეტენდენტს საძოვრის ნაცვლად შეუძლია მოითხოვოს სათიბი. თუმცა საძოვრისათვის დადგენილი ფართობების ფარგლებში.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად