“მთავრობამ 600 მილიონი აჩუქა ბანკებს, ეს ბიზნესს ვერ დაეხმარება” – ინტერვიუ ბექა ნაცვლიშვილთან

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეზღუდვების ნაწილი უქმდება. იხსნება სხვადასხვა ბიზნესსექტორი, მათ შორის მაღაზიები. თუმცა ეს არ ეხება მოლებს, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს. ასევე 11 მაისიდან თბილისში შესვლა და გასვლა შესაძლებელი იქნება, ხოლო 14 მაისიდან რუსთავსა და გარდაბანში. თუმცა, არ უქმდება არც საგაგნგებო მდგომარეობა და არც კომენდანტის საათი.

რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და რეალურად ხდება თუ არა ბიზნესის სტიმულირება თუ სოციალური დახმარებები? – აღნიშნული საკითხების შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საუბრობს:

_ პრემიერმა გამოაცხადა, რომ იხსნება გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ძალაში რჩება კომენდანტის საათი. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას და აქვე მითხარით თქვენი აზრი ბიზნესთან მიმართებით, რამდენად სწორია გარკვეული ბიზნესსექტორების გახსნა?

_ რიგი ბიზნესსექტორებისა აგრძელებდა მუშაობას აქამდეც. ის ბიზნესსექტორები, სადაც ადამიანების ინტენსიური თავშეყრა ხდება და შესაბამისად დისტანციის დაცვა არ შეიძლება, ამ ეტაპზე ძალიან რთულია გარისკო და გახსნა სექტორები, სადაც რთული იქნება შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე სოციალური დისტანცირების დაცვა. ეს მთავრობამ ძალიან კარგად უნდა შეაფასოს.

ყველაფერი დამოკიდებულია ინფიცირებულების რაოდენობაზე და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ არ გადაიტვირთოს ჯანდაცვის სექტორი. თუ ინფიცირების მასშტაბი გაიზარდა და შესაბამისად ჯანდაცვის სექტორზე მიმართვიანობა გაიზარდა, ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს და ის პოზიტიური შედეგები რაც გვაქვს, შესაძლოა ძალიან სწრაფად გაუარესდეს. ამიტომ ამ გახსნას უნდა ძალიან გონივრული მიდგომა.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, შეზღუდვები უნდა მოიხსნას და ის უნდა მოიხსნას ეტაპობრივად და გონივრულად. აქ არ არის საქმე ბიზნესის ხელშეწყობა-არშეწყობაზე. აქ საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ინფიცირების გავრცელების სისწრაფე.

_ მთავრობის გეგმის მიხედვით რაც ხდება, ეს თქვენი დაკვირვებით სწორად ხდება?

_ სწორად არ ხდება. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება სოციალურ ნაწილს. სოციალური მიმართულებით ძალიან ბევრი კატეგორიაა, რომელსაც ობიექტურად ეკუთვნოდა დახმარება და ისინი აღმოჩნდნენ დახმარების გარეშე. პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა იმ ადამიანების იგნორირებას მთავრობის მხრიდან, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს არა პანდემიის გამოცხადების შემდგომ, ან პირველ კვარტალში, არამედ მანამდე, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში. ვიღაცას თუ ტელევიზორი აქვს სახლში და პარკეტი, მაგრამ ფული არ აქვს, რა უნდა გააკეთონ?! როდესაც მათ საკვების ყიდვა უნდათ და ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება, ეს მათ არ უშველით.

რადგან მთავრობამ მიაბა სოციალური დახმარების ეს სისტემა, ეს იყო ძალიან უგუნური გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი კატეგორია იმ ადამიანების, რომლებიც დახმარების გარეშე დარჩნენ.

_ კიდევ რა კატეგორიებია?

_ მეორე კატეგორიაა ისინი, ვინც კონტრაქტით არ მუშაობდნენ. დაკარგეს სამსახური პანდემიამდე, ან შეიძლება პანდემიის შემდეგაც, მაგრამ ხელშეკრულება არ ჰქონდათ, აქედან გამომდინარე რთული იქნება ამ ადამიანებმა დაადასტურონ, რომ სადღაც მუშაობდნენ და დაკარგეს სამუშაო.

მესამე კატეგორია ეს არის თვითდასაქმებულები. ესეც იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამის აღრიცხვა ვერ მოხდებოდა. ამ ადამიანებმა ნამდვილად დაკარგეს სამსახური და შემოსავალი, ვისაც ჩვენ თვითდასაქმებულების კატეგორიაში მოვიაზრებთ.

ასევე გაუგებარია, რომ ერთ კატეგორიას მთავრობა მხოლოდ 300 ლარით ეხმარება, ხოლო მეორეს 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური 200-200 ლარით. ამიტომ აუცილებელი იქნებოდა, რომ უნივერსალური ყოფილიყო დახმარება და მისცემოდა დახმარება ყველას, ვისაც შემოსავალი არ ჰქონდა დღეის მდგომარეობით. შესაძლოა აქ მოხვედრილიყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც ამ დახმარებას მყისიერად არ საჭიროებდნენ, მაგრამ სჯობს ყველას დაეხმარო, ვიდრე გამოგრჩეს ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

_ ეკონომიკას რომ დიდი ზიანი არ მიადგეს ამ მიმართულების სწორი პოლიტიკა ხორციელდება?

_ ეკონომიკის ხელშეწყობას რაც შეეხება, მთავრობამ 600 მილიონი აჩუქა ბანკებს. ბანკებს არ აქვთ დღეს პრობლემა, შესაბამისად თუ მათი სტიმულირება სჭირდებოდა იაფი სესხების თემაზე, ეს შეეძლო ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა რეფინანსირების განაკვეთის მეშვეობით. ამიტომ რა მიზანმიმართულებით წარიმართა ეს 600 მილიონი ბანკების მიმართულებით, დღემდე გაუგებარია. ამაზე პასუხი არც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ჰქონია, როდესაც მან ბრიფინგი ჩაატარა და არც მთავრობის წარმომადგენლებს.

ზოგადად ეკონომიკას რაც შეეხება. არ გაიხსნება ის სექტორები, სადაც ადამიანებმა სამსახური დაკარგეს, ანუ სადაც ჩვენი მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა არის დასაქმებული. ეს არის მომსახურების სექტორი – რომელიც ასევე მოიცავს რესტორნებს, კაფეებს და ა. შ., საცალო ვაჭრობა, ტურიზმი და ა. შ. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებ მომსახურების სექტორსა და საცალო ვაჭრობაზე, რაც არ უნდა გაიხსნას ეს სექტორები, თუ ადამიანებს ფული არ ექნებათ, ამ უფლების მიცემა ამ ბიზნესისთვის უბრალოდ ფუჭი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მსყიდველობითი შესაძლებლობა არ ექნებათ ადამიანებს, რათა ის სექტორი მოიხმარონ, რასაც მათ ეკონომიკის სექტორი სთავაზობთ. ამიტომ სოციალური დახმარების როგორც რაოდენობის, ისე მასშტაბის გაზრდა მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კი არ იქნებოდა, არამედ ეს იქნებოდა ეკონომიკის სტიმულირების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი.

8 წელია ვსაუბრობ, რომ საკუთარი წარმოება და გადამამუშავებელი ინდუსტრია უნდა იყოს ხელშეწყობილი. დაცული უნდა იყოს უცხოური კონკურენციისგან და ა. შ. სამწუხაროდ ამაზე საუბარი ისევ ფურცელზე დარჩება. ბოლო პერიოდში სახელმწიფო გამოირჩევა ამის ვითომ გათვითცნობიერებით, მაგრამ ეს დარჩება ფურცელზე.

_ თუ ამის გათვითცნობიერებით გამორჩევა, ფურცელზე რატომ დარჩება, მაშინ მის განხორციელებაში ხელს რა უშლით?

_ მთავრობა ისევ აპირებს ამ დარგების ხელშეწყობას ისევ ბანკების მეშვეობით, რაც დაუშვებელია. ბანკებისთვის კეთდება ეს და ბანკები არიან მოგებაზე პასუხისმგებელი. მთავრობა, რომელიც დარგების განვითარებაზეა პასუხისმგებელი, მან უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა. ბანკები ამ პასუხისმგებლობას ვერ იტვირთავენ, გამომდინარე იქიდან, რომ ბანკები ორიენტირებულები არიან სწრაფ მოგებაზე, ხვალინდელ მოგებაზე. შესაბამისად, ეს პასუხისმგებლობა მათ გეგმებში არ შედის. მთავრობა კი ისევ იმ პოლიტიკას აგრძელებს, რომლითაც ბანკების საფუძველზე ახდენდა სხვადასხვა დარგების მხარდაჭერას.

კიდევ უფრო ტრაგიკულია ეს სოფლის მეურნეობაში. იმიტომ, რომ აქ ბიზნესგეგმის შემფასებელიც კი არ ჰყავთ ბანკებს. ის, რომ მთავრობა გააგრძელებს მსხვილი ფერმერების მხარდაჭერას, მათთვის არაფერი არ შეიცვლება, რადგან მათ არაფერი აქვთ უზრუნველყოფის სახით ბანკში რომ ჩადონ, ამიტომ ამას უბრალოდ ვერ გამოიყენებენ. ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენ ვიზრუნოთ სასურსათო უზრუნველყოფაზე. ვინაიდან ეს სფერო მოშლილია, რაც უზრუნველყოფს იმპორტ-ექსპორტს და ა. შ. ამ მიმართულებით მთავრობისგან პასუხი არ გამიგია, როგორ აპირებს სოფლის მეურნეობის სტიმულირებას, როგორ აპირებს მოქალაქეების სურსათით უწყვეტად უზრუნველყოფას. გარდა ამისა ეს მხოლოდ სურსათით უზრუნველყოფას კი არ გულისხმობს, არამედ ხარისხიანი სურსათით უზრუნველყოფას.

ამიტომ, ბევრი საკითხია, რაზეც მთავრობას ბევრი არაფერი არ უთქვამს. სოციალური მიმართულება ჩავარდა, ეკონომიკური სტიმულირების მიმართულება ჩავარდება, იქიდან გამომდინარე რომ ბანკებზეა ორიენტირებული და მთავრობას მოქალაქეების მსყიდველობით უნარიანობის მხრივ ინვესტიციების ჩადებას არ აპირებს. აქედან გამომდინარე ჩვენი ქვეყანა, სადაც იმპორტ-ექსპორტის დისბალანსი ძალიან დიდია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სურსათი, რომელსაც მოვიხმართ, მათგან 70% სხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს. გლობალურად შექმნილი ვითარება, სადაც სატრანსპორტო სისტემები მორღვეულია, ეს იძლეოდა ბუნებრივ შესაძლებლობას, რომ აქედან გამოვსულიყავით სხვა ეკონომიკური სისტემით, სხვა ეკონომიკური სტრუქტურით, მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობა ამ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებს.

_ ინტერვიუს ბოლოს გვითხარით, რამდენად სწორად მიგაჩნიათ კომენდანტის საათის ძალაში დატოვება?

_ არა მარტო მე არამედ სხვა ადამიანებმაც რამდენჯერმე დასვა ეს კითხვა – რა მიზანშეწონილობა აქვს კომენდანტის საათს. მთავრობას არ აუხსნია ეს. სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც არ ყოფილა მკაფიო პასუხები და მკაფიო ხედვა, მაგრამ განსაკუთრებით კომენდანტის საათის საკითხი გარკვეული თვალსაზრისით გაკვირვებას იწვევს. იმიტომ, რომ არ ვიცით რას ემსახურება კომენდანტის საათი არსებობა დღემდე?!

ადრე შეიძლება გვეფიქრა, რომ ისეთი პერიოდი იყო, რომ მაქსიმალურად უნდა გვეცადა, რომ სოციალური დისტანცია სწორედ ამ კომენდანტის საათის ფარგლებში დაგვეცვა, მაგრამ დღეს რას ემსახურება გასაკვირია. აქედან გამომდინარე ამასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები.

_ ანუ მკაფიო პასუხი ვერ მიიღეთ თქვენ?

_ მკაფიო პასუხი ვერც ამაზე და ვერც ვერაფერზე ვერ მივიღეთ. ერთადერთი რაზეც მკაფიო პასუხი მივიღეთ ეს იყო ის, რაც ექიმების საქმე იყო. რაც ექიმების პასუხისმგებლობა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის პასუხისმგებლობა ვრცელელდებოდა. ამ მიმართულებით, მათთან თანამშრომლობით მთავრობამ კარგად იმუშავა, მაგრამ რაც შეეხება მთავრობის მიერ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, რომელიც სოციალურ პოლიტიკასა და ეკონომიკის პოლიტიკას ეხება, ეს არათუ დამაკმაყოფილებელი, არამედ რიგ შემთხვევაში იმდენად მწირია, რომ შეიძლება ასეც ვუწოდოთ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პოლიტიკა არ განხორციელებულა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად