მთავრობა საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათის გაგრძელებას განიხილავს

მთავრობა საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათის გაგრძელებას განიხილავს. შეზღუდვები შესაძლოა შეუმსუბუქდეს სარესტორნო ბიზნესსაც, თუმცა პრემიერმა ბიზნესს დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის წესის ცვლილებაზე უარი უთხრა.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრაზე დააყენეს, საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათის გაგრძელებაა, თუმცა დაპირების მიუხედავად, რომ მთავრობა აღნიშნულ საკითხს განიხილავს, ბიზნესს არ აქვს მოლოდინი, რომ შეღავათი გაგრძელების შემთხვევაში კვლავ ყველა სექტორს შეეხება. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ მთავრობა განიხილავს სარესტორნო ბიზნესისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას და დარგისთვის საღამოს ათი საათის შემდეგ მუშაობის უფლების მიცემას, თუმცა აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა, სავარაუდოდ, სარესტორნო ბიზნესის მხოლოდ ნაწილს შეეხება.

ამ დრომდე პრობლემურ საკითხად რჩება დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის წესის ცვლილება, რაზეც პრემიერმა ბიზნესს შეხვედრაზე გადაჭრით თქვა, რომ მისი გადახედვა არ იგეგმება. დღგ-ს ცვლილებისა და ამ გზით ბიზნესში მეტი საბრუნავი ფინანსების დატოვების საკითხი იმპორტიორმა კომპანიებმა ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში დააყენეს.

“საშემოსავლო გადასახადზეც, რომელზეც ფიქრობენ, რომ საშეღავათო პერიოდი გაგრძელდეს, არ იციან ჯერჯერობით, გავრცელდება თუ არა ეს აბსოლუტურად ყველა დასაქმებულზე. როდესაც იმპორტიორს შემოსდის გარკვეული სახის საქონელი საქართველოში და მას იმ მომენტშივე უწევს დღგ-ს გადახდა, იგი საბრუნავი საშუალებების გარეშე რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის რეგულირება ბიზნესისთვის ესეთ კრიზისულ ვითარებაში, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებითაც მთავრობის პოზიცია საკმაოდ ხისტია ჯერჯერობით.” – აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად