მთავარი პროკურორი: არსებობს რამე დოკუმენტი, სადაც წერია რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი?

არის თუ არა საქართველოს მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის დიპლომი ნამდვილი, სწორედ ეს კითხვა ჰქონდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციას და დამოუკიდებელ დეპუტატებს.

შალვა თადუმაძემ კი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია, საკომიტეტოს მოსმენაზე დეპუტატებს უთხრა, რომ ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელი მის დიპლომს ეჭქვეშ აყენებს, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა მასთან, როგორც იურისტთან, მაგრამ ამის შესახებ მათ მაშინ კითხვები არ ჰქონდათ.

„ეს არ არის დიპლომი , რომელიც მე დღეს მოვიტანე. ეს არის დიპლომი, რომელიც ზუსტად 18 წლის წინ წარვადგინე სახელმწიფო უწყებაში და მივიღე კონკურსში მონაწილეობა. იმ სახელმწიფო უწყებას მაშინ არ ჰქონდა არანაირ ეჭვის საფუძველი, ვინაიდან მაშინდელი კანონმდებლობით ასეთი დიპლომი გაიცემოდა, ასეთი უნივერსიტეტი არსებობდა.
მერე არ მომხდარა ისე, რომ ეს დიპლომი დავმალე და სადმე არ გამოვაჩინე.
დრეს ჩემი დიპლომთან დაკავშირებით ინფორმაცია დევს ღია საზოგადოება საქართველოს საიტზე, რომელიც ამბობს რომ შალვა თადუმაძის დიპლომი იწვევს ეჭვს. ძალიან უხერხულია, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას დაკონტრაქტებული ვყავდი 4 წელი როგორც იურისტი და ადვოკატი, ამ დიპლომის საფუძველზე, ამ ავტობიოგრაფიის საფუძველზე. იცით თქვენ საგრანტო პროგრამები, თუ შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებს, შემდგომ აღარ ფინანსდება, 4 წელი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ჩემი კვალიფიკაციით, მათ შორის ჩემი დიპლომით კმაყოფილნი იყვნენ და 4 წელი საკმაოდ მაღალანაზღაურებად იურისტად ვითვლებოდი იმ პროგრამებში, რომელსაც „ღია საზოგადოება საქართველო“ და „ღია საზოგადოების ცენტრალური“ ოფისი აფინანსებდა.
მე არ ვიცი დღეს ვინ არის ხელმძღვანელი, მაგრამ ამ ინსტიტუტს რეპუტაცია აქვს და როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს, უმჯობესი იყო, თავის არქივში ჩაეხედა და ენახა, შალვა თადუმაძის დიპლომი ჰქონდა თუ არა მანამდე და თუ ჰქონდა და მას ეჭვი გაუჩნდა და დანაშაული დაფარა, მას სხვა პასუხისმგებლობის საკითხი აქვს, თუ არ ჰქონდა, მაშინ აქ ან არა კვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე, ის კონკრეტული პირები, რომლებიც ამ დიპლომზე საუბრობენ, არ იციან ის კანონმდებლობა, რომელიც ამ დიპლომის გაცემის საფუძველია, ან არაკეთილსინდისიერი… აქ შუალედი არ არსებობს, იმიტომ, რომ ამ ფონდებს, მე, როგორც იურისტი და ადვოკატი, ვყავარ ამ დიპლომით აყვანილი.
რაც შეეხება მეორე ორგანიზაციას, რომელიც ამ კოალიციის წევრია და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, ეს არის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მას ჩემთან 2 წელი ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი ამ დიპლომით იურიდიული მომსახურების გაწევაზე. აქ არის საერთაშორისო ორგანიზაცია პროლოგი, რომლის დირექტორიც გიორგი ჩხეიძე, იყო საკონკურსო კომისიის წევრი, რომელშიც მე ამ დიპლომით და ჩემი ავტობიოგრაფიით გავედი და გავიმარჯვე. ამიტომ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩემს დიპლომზე რომ საუბრობს, მე მესმის, რომ მის დღევანდელ თავმჯდომარეს საზოგადოებრივი რეპუტაცია არ აქვს, მაგრამ, მე როგორც იურისტს, რომელიც ვთვლი, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ ძალიან ბევრი რამ მივიღე, როგორც იურისტმა, გული მწყდება, რომ ეს ორგანიზაცია თავის არქივში არ ეძებს ვინ არის შალვა თადუმაძე და ქმნის სურათს, რომელიც მერე ასე უნდა დაიდგას, რომ თაღლითი, უდიპლომო შალვა თადუმაძე, რომელსაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თავის დროზე კონტრაქტებს უფორმებდა და „ღია საზოგადოება საქართველო“ და მისი ცენტრალური ოფისი თავის დროზე კონტრაქტებს უფორმებდა, ან ამ ადამიანებმა ეს კანონები არ წაიკითხეს და ისე მოახდინეს პერსონალური მონიტორინგი ჩემი და თუ ეს არ წაიკითხეს და ისე მოახდინეს, მაშინ არიან არაკვალიფიციურები. თუ წაიკითხეს და მაინც მოახდინეს მაშინ არაკეთილსინდისიერები არიან.
კიდევ ერთი, ქალბატონი ეკა გიგაური, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ჩემი დიპლომის ძებნით. მე მგონი სახელმწიფოსთვის, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირისთვის და თავად ეკა გიგაურისთვის არ იქნება უმჯობესი ამ ტრიბუნაზე , ამ ფორმატში ამაზე რაიმე განცხადება გავაკეთო.
მე მესმის ამ დიპლომის ამბავი, თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული ამ დიპლომის ამბავი, საკუთარი ნებით გამოვაქვეყნე ეს დიპლომი და შევედი იმ კონკურსში და არა ერთხელ მაქვს გამოქვეყნებული ეს დიპლომი, სხვადასხვა კონკურსებში ვმონაწილეობდი, მათ შორის იმ კონკურსში რომელიც მონიტორინგის კუთხით განვახორციელეთ ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რამდენად ობიექტურად ხდება ადამიანების საჯარო სამსახურში აყვანა.
18 წლის განმავლობაში მე ჩემი დიპლომი არ დამიმალავს და ახლა არ მოვიტანე. 1999 წელს ეს დიპლომი წარდგენილი მაქვს თავდაცვის სამინისტროში და პირად საქმეში არსებობს და არსებობენ ოფიცრები, პირები, რომლებიც მე სამსახურში მიყვანდნენ როგორც კვალიფიციურ იურისტს.
ამიტომ, ახლა ეს საუბარი, რომ მე უნდა გადავდგე, რატომ უნდა გადავდგე, იმიტომ რომ ვიღაც ეჭვიანობს? რა საგამოძიებო კომისიაზეა საუბარი? არსებობს რამე დოკუმენტი, სადაც წერია რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი? ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ასეთი განათლება მიეღო და ასეთი დიპლომი აეღო?
არსად გადადგომას არ ვაპირებ, არ მიცხოვრია ისე , რომ რამე დამემალოს, მათ შორის მითუმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი. 2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობას ვეწევი,. არცერთი ხელისუფლებისთვის დამოუკიდებელ იურისტად მისაღები არ ვიყავი.
2006 წელს აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწევი., ამ დიპლომით წარვდექი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის საქმიანობის ლიცენზია.
ახლა იმიტომ, რომ რამდენიმე ან არაკეთილსინდისიერი ან არაკვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემს დიპლომზე, ამიტომ 18 წელი ჩემი მუშაობა, აღარ ვიხსენებ რა მუშაობები და რა პერიოდები მაქვს გადატანილი იმ პერიოდში , რა პერიოდშიც ვმუშაობდი, ეს უნდა გადავდო და ახლა დაველოდო საგამოძიებო კომისია იტყვის თუ არა დიპლომი არის ნამდვილი.
ახლავე გეუბნებით, რომ საგამოძიებო კომისია იტყვის, რომ ეს დიპლომი არის ნამდვილი.
ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს დიპლომი გაიცემოდა კანონის თანახმად, მე მქონდა შესაძლებლობა ეს დიპლომი მიმეღო, მე ეს დიპლომი მივიღე და მე ჩემი კარიერა შევქმენი“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ დეპუტატების კითხვების საპასუხოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად