მთაწმინდის რაიონის გამგებელი: მოვუწოდებ “მთავარ არხს”, პატივი სცეს საკუთარ მაყურებელს და შეეშვას მავნებლურ, ცილისმწამებლურ კამპანიას

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გააქტიურდნენ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული ტელევიზიები ტყუილების, ცილისწამების, დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით და ამ გზით ცდილობენ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. – ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა მორიგი ტყუილი ინფორმაცია, ტელეკომპანია “მთავარი არხი” ჩემი მშენებარე სახლით დაინტერესდა.
ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა სრულიად აბსურდული ბრალდებები, რაც ამ ტელევიზიის ანონსში გავიდა. “მთავარი არხის” მტკიცებით, თითქოს მიწა სიმბოლურ ფასად გადმომეცა, სახლის მშენებლობა კი მილიონი ლარი ჯდება.
რა თქმა უნდა, ეს არის სრული აბსურდი და ცილისწამება, რაც ძალიან კარგად იციან ამ ტყუილის ავტორებმა -ნაციონალურმა მოძრაობამ და მის მიერ მართულმა მედიამ.

ჩემი ქონებრივი დეკლარაციიდან კარგად ჩანს, რომ მე და ჩემმა ოჯახმა მიწა შევიძინეთ (და არ მივიღეთ სიმბოლურ ფასად) ნახევარი წლით ადრე, ვიდრე თანამდებობაზე დავინიშნებოდი, სახლის მშენებლობა კი დავიწყეთ წელს. შესაბამისად, ინფორმაცია მომდევნო დეკლარაციაში სრულად განახლდება.
რაც შეეხება სახლის მშენებლობის თანხებს (რაც ახლოსაც არ არის ტელევიზიის მიერ დასახელებულ თანხასთან), იგი არ არის კავშირში ჩემს თანამდებობრივ სარგოსთან. ჩემს მეუღლეს აქვს ბიზნესი, რომლის შესახებ ასევე არის ინფორმაცია მითითებული დეკლარაციაში.


რასაკვირველია, დეკლარაციის გაცნობის შემდეგ არავის გაუჩნდებოდა კითხვები, თითქოს ადგილი აქვს კორუფციის ფაქტს, მაგრამ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ტყუილების გავრცელებითაა დაკავებული, როგორც ჩანს, სხვა დღის წესრიგი და სხვა ამოცანები აქვს.
მოვუწოდებ ტელეკომპანია “მთავარ არხს”, პატივი სცეს საკუთარ მაყურებელს და შეეშვას მავნებლურ, ცილისმწამებლურ კამპანიას.” – წერს დავით კირკიტაძე.

კომენტარები
იტვირთება...