მსოფლიო საგანძური – რით არის უნიკალური პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ცეცხლი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ცეცხლმა მოიცვა შენობის კონსტრუქცია, ჩამოიშალა შპილი და ტაძრის საათი, აგრეთვე განადგურებულია თითქმის მთელი ჭერი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ვიტრაჟი

პარიზის ღვთისმშობლის ერთ-ერთი ცნობილი ფენომენი მისი სამი ცალი უზარმაზარი ვარდის ფორმის მქონე ვიტრაჟი, რომელიც XIII საუკუნეშია შესრულებული. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის შემდეგ გადარჩა თუ არა რომელიმე მათგანი. პირველი და ყველაზე პატარა ვიტრაჟის დიამეტრი 9,6 მეტრია, იგი დასავლეთ ფასადზე მდებარეობს და იგი 1225 წელს დამზადდა. სამხრეთ ვიტრაჟი კი 13 მეტრია დაახლოებით და 84 პანელისგან შედგება. ჩვენამდე, ორიგინალი ვიტრაჟის მხოლოდ ნაწილმა მოაღწია, უმრავლესობა წინა ხანძრის დროს განადგურდა.

 

ორი კოშკი

მნახველებისთვის თვალწარმტაც სანახაობას წარმოადგენს ორი გოთიკური კოშკი, რომლებიც ტაძრის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. დასავლეთ ფასადზე სამუშაოები 1200 წელს დაიწყო, ჩრდილოეთ კოშკის მშენებლობის დასრულებას კი 40 წელიწადი მოანდომეს. სამხრეთ კოშკის მშენებლობას კი კიდევ 10 წელიწადი დასჭირდა და 1250 წელს დასრულდა. ორივე კოშკის სიმაღლე 68 მეტრია, თუმცა ისინი ზუსტად იდენტური არ არის. ჩრდილოეთ კოშკი უფრო მასიურია. XV საუკუნის დასაწყისამდე კი ზარი მხოლოდ ჩრდილოეთ კოშკში იყო განთავსებული.

 

გარგოლიები და ქიმერები

პარიზის ღვთისმშობლის კიდევ ერთი დამახასიათებელი ფენომენი გარგოლიები და ქიმერებია, რომელთა გვერდითაც ყველას უწევს ჩავლა, ვისაც ტაძრის ყველაზე მაღალ წერტილში ასვლა სურს. ეს ფანტასტიკური არსებები, როგორც წესი წარმოადგენენ რამდენიმე ცხოველის ნაზავს.

 

ზარები

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 10 ზარია. ყველაზე დიდი 23 ტონას იწონის და იგი ემანუელის სახელს ატარებს. იგი სამხრეთ კოშკზე 1658 წელს დაკიდეს. 1944 წელს სწორედ ემანუელის ზარმა ამცნო პარიზს ნაცისტებისგან გათავისუფლების შესახებ. 2012 წელს, ტაძრის 850 წლის იუბილეზე ზარები კვლავ გამოჩნდა ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს კი უკვე ორიგინალი ზარების ასლები იყო. თავად ორიგინალი ზარები კი საფრანგეთის რევოლუციის დროს ბირთვებად გადაადნეს.

 

გოთიკური შპილი


პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ცნობილი შპილი XII საუკუნეში შეიქმნა. მან ტაძრის მთელი რიგი რეკონსტრუქციები გადაიტანა, მათ შორის საფრანგეთის რევოლუცია და 1860-იანი წლები. მისი სიმაღლე 96 მეტრია.

 

რელიქვიები


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უამრავი ქრისტიანული რელიქვია ინახება. მათ შორის ჯვრის ფრაგმენტი, რომელზეც იესო ქრისტე აცვეს, ლურსმანი და ეკლის გვირგვინი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამივე რელიქვია გადარჩენილია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად