მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პასუხები COVID-19-ის შესახებ გავრცელებულ მითებზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს იმ მითებს, რომლებიც COVID-19 ტიპის ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელდა მოსახლეობაში. გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ყველა ინფოგრაფიკას, რომლებზეც დატანილია გავრცელებული მოსაზრებები ვირუსთან დაკავშირებით და ორგანიზაციის პასუხებს მათზე:

COVID-19 ვირუსი ვრცელდება ცხელ და ნოტიო კლიმატის მქონე გარემოშიც – აქამდე არსებული მტკიცებულებების მიხედვით, COVID-19 ვირუსის გადაცემა ყველა არეალშია შესაძლებელი, ცხელი და ნოტიო ამინდის მქონე ადგილების ჩათვლით. კლიმატის მიუხედავად, მიიღეთ შესაბამისი რეკომენდებული ზომები იმ შემთხვევაში, თუ იმ ქვეყანაში ცხოვრობთ ან მოგზაურობთ, სადაც კორონავირუსია გავრცელებული.

COVID-19-ის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო საშუალება საპნითა და წყლით ხელების ხშირი დაბანა, ან ალკოჰოლზე დამზადებული სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებაა. ამ გზით თქვენ აღმოფხვრით იმ ვირუსებს, რომლებიც შეიძლება თქვენს ხელებზე იყოს და ამასთანავე აირიდებთ ინფექციას, რომელიც პირის ღრუს, თვალების და ცხვირის შეხებით ვითარდება.

 

ცივი ამინდი და თოვლი კორონავირუსს არ კლავს – არანაირი მიზეზი არ არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ ცივი ამინდი კორონავირუსს ან სხვა დაავადებებს ანადგურებს. ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა დაახლოებით 36.5°C-დან 37°C-მდეა, გარე ტემპერატურის ან ამინდის მიუხედავად.

 

ცხელი აბაზანის მიღება კორონავირუსისგან ვერ დაგიცავთ – სინამდვილეში, ძალიან ცხელი წყლით აბაზანის მიღება საზიანოა, რადგან შეიძლება დაგწვათ.

 

კორონავირუსი კოღოს ნაკბენით არ გადაიცემა – დღემდე არ არსებობს ინფორმაცია და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ COVID-19-ის გადაცემა კოღოს ნაკბენითაა შესაძლებელი. ეს რესპირატორული ვირუსია და ძირითადად წვეთოვანი გზით ვრცელდება ინფიცირებულის პირიდან ხველების, დაცემინების შედეგად, ან ნერწყვითა და ცხვირის გამონადენით. დაიცავით სოციალური დისტანცია, განსაკუთრებით მათგან, ვინც ახველებს/აცემინებს.

 

ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები? – პასუხი: არა. ელექტროსაშრობი კორონავირუსს არ კლავს. ხელების დაბანის შემდეგ, საფუძვლიანად გაიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცებით ან თბილი ჰაერის საშრობის გამოყენებით.

 

ანადგურებს თუ არა ულტრაიისფერი სადეზინფექციო ნათურა ვირუსს? – არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი ნათურები ხელების ან სხეულის სხვა ნაწილების სტერილიზაციისთვის, რადგან მისმა გამოსხივებამ შესაძლოა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

 

რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები კოროვირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენისთვის? – თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენისთვის, რომლებსაც აქვთ სიცხე კორონავირუსით ინფიცირების გამო. მიუხედავად ამისა, მას არ შეუძლია გამოავლინოს ვირუსის საწყისი ეტაპი, როდესაც სიმპტომები არ გვაქვს. ეს იმიტომ, რომ ინფიცირებული ადამიანი 2-დან 10 დღის შუალედში ხდება ავად და ავლენს ერთ-ერთ სიმპტომს – სიცხეს.

 

კლავს თუ არა ვირუსს ალკოჰოლით ან ქლორით მთელი სხეულის დამუშავება? – პასუხი: არა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება საზიანო იყოს ტანსაცმლისთვის ან ლორწოვანი გარსისთვის (თვალები, პირი). გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლი და ქლორი შეიძლება სასარგებლო იყოს ზედაპირების დეზინფექციისთვის, მაგრამ ისინი შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა გამოიყენოთ.

 

გვიცავს თუ არა კორონავირუსისგან პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები? – პასუხი: არა. პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები, როგორებიცაა პნევმოკოკური ვაქცინა და Haemophilus influenza-ს B ტიპის (Hib) ვაქცინა, არ გვიცავს კორონავირუსისგან. ვირუსი იმდენად ახალი და განსხვავებულია, რომ მას თავისი ვაქცინა სჭირდება. მკვლევრები მის შემუშავებაზე მუშაობენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კი მათ მხარს უჭერს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაქცინები არ არის ეფექტური 2019-nCoV წინააღმდეგ, სასუნთქი დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია თქვენი ჯანმრთელობის დასაცავად.

 

ცხვირის სალინით დამუშავება გვიცავს ინფექციისგან? – არა. ამის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამ ხსნარმა შესაძლებელია გაციებისგან დაგვიცვას, მაგრამ რესპირატორული დაავადებებისგან ვერა, რადგან ჯერჯერობით არც ერთი კვლევა არ ადასტურებს ამას.

 

გვეხმარება თუ არა ნივრის ჭამა? – ნიორი არის ჯანსაღი საკვები, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ანტიმიკრობული თვისებები. მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი ჭამა კორონავირუსისგან დაგვიცავს.

 

კორონავირუსი მხოლოდ ხანდაზმულებისთვისაა საშიში თუ ახალგაზრდებისთვისაც? – ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ახალი კოროვირუსით (2019-nCoV). ხანდაზმული ადამიანები და სხვა დაავადებების (მაგალითად, ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადება) მქონე პირები უფრო დაუცველები არიან. WHO ყველა ასაკის ადამიანებს ურჩევს, ვირუსისგან თავის დასაცავად მიიღონ შესაბამისი ზომები, მაგალითად, ხელებისა და რესპირატორული ჰიგიენის დაცვა.

 

ანტიბიოტიკები ეფექტურია ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის? – არა, ანტიბიოტიკები არ მუშაობენ ვირუსების წინააღმდეგ, ისინი მხოლოდ ბაქტერიებს ებრძვიან. ამასთან, თუ თქვენ საავადმყოფოში მოგათავსებენ 2019-nCoV-ის გამო, შეიძლება ანტიბიოტიკები იმის გამო დაგინიშნონ, რომ ბაქტერიული თანაინფექციის საშიშროება დადგეს.

 

არსებობს რაიმე კონკრეტული მედიკამენტები ახალი კორონავირუსის პრევენციისა ან მკურნალობისთვის? – არა, დღემდე არ არის დადგენილი რაიმე კონკრეტული წამალი, რომელიც ამ ვირუსს თავიდან აგვარიდებს. თუმცა, ვირუსით დაავადებულებმა უნდა იმკურნალონ სათანადოდ სიმპტომების შესამსუბუქებლად, ხოლო მძიმე ავადმყოფობის მქონე პაციენტებისთვის (რომლებსაც სხვა დაავადებებიც აქვთ) კი ოპტიმალური დამხმარე მკურნალობაა საჭირო. ზოგიერთი სპეციფიკური მედიკამენტის შემოწმება მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური კვლევებით. WHO ეხმარება ამ პროცესის დაჩქარებას და თანამშრომლობს პარტნიორებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად