მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა იაპონიას და რუსეთს აჯობეს და ყველაზე მეტი ოქრო აიღეს!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა 23 წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი.

შეჯიბრების დასკვნითი აკორდი 125 კგ წონაში მედლების გათამაშება იყო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩვენმა თანამემამულემ, როლანდ ანდრიაძემ იაპონელ იაშუჰირო იამამოტოს ანგარიშით 4:0 სძლია და საქართველოს ნაკრებს მეოთხე მედალი და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოუტანა.

როლანდ ანდრიაძემდე საქართველოს ნაკრების წევრებმა, გია მაჭარაშვილმა და ძმებმა – ნიკოლოზ და ავთანდილ კენჭაძეებმა დაიმშვენეს მკერდი ოქროს მედლებით.

აღსანიშნავია, რომ მოპოვებული ოქროს მედლების მხრივ საქართველოს ნაკრებმა ყველას აჯობა. მათ სამი ოქროს მედალი აიღეს, ხოლო რუსეთის და იაპონიის ნაკრებმა ორ-ორი. თითო ოქროს მედალი ირანის, აზერბაიჯანის და სლოვაკეთის ნაკრებ გუნდებს ხვდათ წილად.

შეგახსენებთ, რომ აქვე, ბუქარესტში, სამი დღის წინ დასრულებულ 23 წლამდელ კლასიკოსთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 ოქროს – ნუგზარ წურწუმია (55 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ), ზვიად პატარიძე (130 კგ), 1 ვერცხლის – რამაზ ზოიძე (72 კგ) და 1 ბრინჯაოს (გიორგი მელია (97 კგ) მედალი მოიპოვეს, ჯამში 126 ქულა დააგროვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. პირველი იყო  საქართველოს ნაკრები მოპოვებული ოქროს მედლებითაც.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად