მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის პოლიტიკას

საქართველოს ეროვნულ ბანკს მსოფლიო ბანკის RAMP-ის პროგრამის მმართველი – კრისტიან მალდერი ეწვია. სტუმარი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს არჩილ მესტვირიშვილს და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვების მართვის და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმარ-თულებები განიხილეს.

„მსოფლიო ბანკის ხაზინა და საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობენ რეზერვების მართვის სფეროში 2009 წლიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგრესი შთამბეჭდავი იყო. სებ-ი არის მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის პროგრამის ერთ–ერთი საუკეთესო წევრი, როგორც აქტიურობით ასევე საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის კუთხით. მსოფლიო ბანკის ხაზინა, მიესალმება და დადებითად აფასებს ეროვნულ ბანკში რეზერვების მართვის სფეროს განვითარებას. რეზერვების მართვა შეესაბამება მსოფლიო მოწინავე პრაქტიკას და არის კარგი მაგალითი რეგიონის სხვა განვითარებადი ქვეყნებისათვის“, –  განაცხადა კრისტიან მალდერმა.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება, საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ გაცვლითი კურსის პოლიტიკას და სავალუტო ინტერვენციების გამოყენებას. „მსოფლიო ბანკის ხაზინა მიესალმება და დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების მართვის პოლიტიკას. მიგვაჩნია, რომ დიდი რაოდენობით ინტერვენციების განხორციელება არ არის გამოსავალი. საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ჩაერიოს ძალიან ზომიერად და გონივრულად, არის ნამდვილად ოპტიმალური ინტერვენციების განხორციელების მხრივ. ეროვნულ ბანკს შეუძლია ჩაერიოს და განახორციელოს ინტერვენციები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, სხვა შემთხვევაში რეზერვები დაიკარგება, რითაც საფრთხე შეექმნება ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობას. ამიტომ ცენტრალურმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ძალიან ფრთხილად ინტერვენციების განხორციელებისას, რასაც აკეთებდა კიდეც ეროვნული ბანკი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პროგრამის მმართველმა კრისტიან მალდერმა.

„RAMP-ის პროგრამაში საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდანაა ჩართული.  პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სებ–ის რეზერვების მართვისა და რისკების მართვის პროცესის ეფექტიანობა, განხორციელდა ეტაპობრივი გადასვლა სავალუტო რეზერვების პასიური სტილით მართვიდან პორტფელის აქტიურ მართვაზე, რაც გულისხმობს თანამედროვე მეთოდების დანერგვას ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით. რეზერვების მართვის აქტიურმა სტილმა საშუალება მოგვცა ორჯერ მეტი შემოსავლები მიგვეღო, გლობალურ ბაზრებზე არსებული საპროცენტო განაკვეთების პირობებში, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა პასიური მართვის დროს“,  –  განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფარგლებში, მსოფლიო ბანკი 2001 წლიდან დახმარებას უწევს სხავადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს, სახელმწიფო და სუვერენულ ფონდებს. პროგრამის მიზანია ქვეყნების მიერ სავალუტო რეზერვების უფრო ეფექტურად მართვის ხელშეწყობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად